ყველაფერი 1895 წელს დაიწყო, როცა ვილჰელმ კონრად რენტგენმა X-სხივები აღმოაჩინა, ზუსტად ის, რომელსაც დღეს რენტგენის გამოსხივების სახელით ვიცნობთ. თუმცა ამისთვის თავის ლაბორატორიაში ზუსტად 7 კვირა გაატარა და რომ არა თავისი ცოლი ანა ბერთა, ბევრი რამ არ იქნებოდა ასე… ბერთა ყოველთვის მის გვერდით იყო და მეუღლის თხოვნით მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის მთავარ მონაწილედაც იქცა. სწორედ ასე მივიღეთ რენტგენის პირველი გამოსახულება — ბერთას ხელი საქორწინო ბეჭდით, ანუ ფოტო, რომელიც შუქის ნაცვლად, რენტგენის სხივებითაა გადაღებული.
თუმცა სანამ აქამდე მივიდოდით, ვილჰელმმა ლაბორატორიაში უამრავი რამ გამოცადა, რა დროსაც Crookes-ის, ანუ მინის მილებში, რომლებიც ვაკუუმით იყო სავსე, უცნაური შუქი შენიშნა. ნოემბრის დასაწყისში კი უკვე მანამდე ჩატარებული ექსპერიმენტი ლაბორატორიაში სრულ სიბნელეში გაიმეორა. შეამჩნია, რომ მილიდან მოშორებით რაღაც ხდებოდა. მართალია, არ სჯეროდა იმის, რასაც ხედავდა, მაგრამ ფაქტია, მას X-სხივები უწოდა. შემდეგ კი ფოტოგრაფიულ ფირფიტებზე სხვადასხვა მასალისგან დამზადებული საგნები დადო და აღმოაჩინა, რომ X-სხივები ზოგიერთში გადიოდა, ზოგიერთში კი არა…
შობამდე რამდენიმე დღით ადრე ცოლსაც სთხოვა ლაბორატორიაში დახმარება — მარცხენა ხელი ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე 15 წუთის მანძილზე ჰქონდა დადებული და ვილჰელმი X-სხივებით იღებდა მას. მართალია, მიღებული ფოტო ისტორიული მნიშვნელობის გახდა, თუმცა ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ბერთა ამ გამოსახულებამ შეაშინა და თქვა :„მე ვნახე, როგორი იქნება ჩემი სიკვდილი!“…
მიუხედავად ბერთას რეაქციისა, ვილჰელმმა იცოდა ჭრილობის გარეშე ადამიანის სხეულის ნახვის უნარი რამდენად გააუმჯობესებდა სამედიცინო სფეროს და გაზრდიდა ადამიანთა გადარჩენის შანსებს. იცნობდა კიდეც კოლეგებს, რომლებსაც ბერთაზე განსხვავებული რეაქცია ექნებოდათ. ამიტომ რენტგენის პირველი ფოტოს ასლები შექმნა და ევროპის უნივერსიტეტებში ფიზიკოსებს დაუგზავნა.
მანჩესტერის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი ართურ შუსტერიც გახლდათ. მან 1896 წელს მიიღო ნაშრომი და ექსპერიმენტი საკუთარ ლაბორატორიაშიც გაიმეორა — გადაიღო ბაყაყების, კიდურების და თავისი 6 წლის შვილის ტერფიც. შედეგად, მალევე მიხვდა, თუ რა ღირებულება შეიძლებოდა ჰქონოდა ამ სხივებს სამედიცინო სფეროსთვის…
სწორედ ეს ფოტო დაეხმარა რენტგენს 1901 წელს ფიზიკაში პირველი ნობელის პრემიის მოპოვებაში. თუმცა მან დაჯილდოებაზე წასვლაზე უარი თქვა, რადგან მეტად თავმდაბალი და მორიდებული იყო. ამასთან, არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. როგორც ვიცით, ნობელის პრიზის ფულადი ჯილდოც საქველმოქმედო მიზნით ვიურცბურგის უნივერსიტეტს გადასცა, რათა სამეცნიერო სფეროს განვითარებისთვის დაეჭირა მხარი.
ალბათ, ამის შემდეგ არც ის გაგაკვირვებთ, X-სხივების დაპატენტებაზე უარი რომ განაცხადა… მისთვის მთავარი არა პიროვნული სარგებელი, არამედ სამეცნიერო ცოდნის წინსვლა გახლდათ, ამიტომ სურდა, თავისი აღმოჩენა მომავალი კვლევებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. შესაბამისად, ვილჰელმისთვის X-სხივების დაპატენტება სიცოცხლის შანსის წართმევის ტოლფასი გახლდათ…
ისიც მართალია, რომ რენტგენის პირველი ფოტოს გადაღებამ ბერთას „სიკვდილი“ საკუთარი თვალებით აჩვენა, მაგრამ ასე ვილჰემმა რაღაც ჯადოქრობა ჩაიდინა, უხილავი სინათლე გვაჩვენა და სამედიცინო სფეროც სრულად შეცვალა…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი