“მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 1996 წელს გავიცანით…” – თაკო ჩხეიძის ოჯახური იდილია და ცხოვრების წესი – Marao

თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო მალევე შეიყვარა კიდეც.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.
სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ თაკო ჩხეიძე უზადო გარეგნობითა და სილამაზით გამოირჩევა, რაც, რა თქმა უნდა, გენეტიკასთან ერთად, თავის მოვლისა და ცხოვრების წესის დამსახურებაცაა. თაკო პერიოდულად აქვეყნებს რჩევებს სტილისა და სამოსის შესახებ, ზოგჯერ კი მეგობრებს კანისა თუ თმის მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებასაც უზიარებს.
ამჯერად თაკო გამომწერების კითხვებს პასუხობს და წერს, რომ მისი მოტივაცია სხვა ადამიანების სიკეთეა: “ჩემი ოჯახის სიკეთე და მხარდაჭერა ჩემი მოტივაციაა. ეს მიბიძგებს, რომ ვიყო უკეთესი და დავეხმარო სხვებს. საკუთარ თავში მიყვარს სიმშვიდე, რომელიც ძალიან მეხმარება. უარყოფითი თვისება კი, ალბათ, სიჯიუტეა, თუმცა დროსთან ერთად უარყოფით თვისებებს ვასწორებთ”, – წერს თაკო.
თაკოს მეუღლე ქართველი დიპლომატი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში, 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.
თაკო გამომწერებს მეუღლის შესახებ დასმულ კითხვებზეც პასუხობს და წერს, რომ რუსლან აბაშიძეზე 1998 წელს იქორწინა: “მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 1996 წელს გავიცანით,1998 წელს კი შევუღლდით”, – ამბობს ის.

ასევე დაგაინტერესებთ