„მე არ მომწონს, როდესაც პირადზე საჯაროდ ლაპარაკობენ“ – ამის შესახებ მომღერალმა ეკა მამალაძემ გადაცემაში, „პირველი სტუდია“ განაცხადა.
“ამიტომ დღესაც თქვენ ღიად გეუბნებით, რომ პირადი ცხოვრება, არ აქვს მნიშვნელობა იქ რაღაცები იყო, ბევრი მითქმა-მოთქმა – ამის გარჩევა საჯაროდ მე არ მომწონს და არც მინდა.
ასე რომ სხვა კითხვებთან დაკავშირებით მე ვიყავი ძალიან გულწრფელი…“ – ამბობს ეკა მამალაძე.
ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა – ლევანი და გოგი.
“18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს” – იხსენებდა ეკა მამალაძე.