„მეწყერმა გზა მოგვიჭრა და სახლს მოადგა, მთავრობიდან არავინ ჩანს“ – მოქალაქე ხელვაჩაურიდან

„გამოკეტილი ვართ ფაქტობრივად, დილიდან ვრეკავთ 112-ში და არავინ გამოჩნდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი დუმბაძე. ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოდან დაგვიკავშირდა.
მოქალაქის თქმით, დილიდან ამ სოფელში პრობლემებია: რამდენიმე ადგილზე, მათ შორის, მარი დუმბაძის ჭიშკართან ჩამოწვა მეწყერი, შიდა სასოფლო გზაზე გადაადგილება ფეხითაც კი შეუძლებელია.
ამას გარდა, რამდენიმე ოჯახს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
მეწყერი მარი დუმბაძის სახლთან
„მეწყერი რომ ჩამოწვა, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ბოძიც – ნაპერწკლებს ყრიდა და ამიტომ ჩვენ თვითონ გავთიშეთ დენი. მთავარი პრობლემა გზაა, რადგან ფეხითაც კი, ვერ გახვალ სოფლის ცენტრალურ გზაზე.
დილით 11:25 საათზე დავრეკე პირველად 112-ში და ამ დრომდე არავინ მოსულა. მხოლოდ მოვიდა სოფლის რწმუნებული, ფოტოები გადაიღეს და წავიდნენ. არანაირი ტექნიკა და სამსახური აქ არ გამოჩენილა.
ვითხოვთ, გაკეთდეს ის, რაც საჭიროა, რომ სოფელი იყოს დაცული. ბოლო 2 – 3 წელია იწერებოდა განცხადებები მერიაში, რომ მოექციათ ყურადღება, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
ახლა მეწყერი ჩვენს სახლსაც მოადგა, სად წავიდეთ? საფრთხეა ღამით აქ გაჩერება, მაგრამ ვერსად მივდივართ,“ – ამბობს მარი დუმბაძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრს – აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, რასაც მიღებისთანავე გაგაცნობთ.
batumelebi.netgazeti.ge