მეწყერი და წყალდიდობა ინდონეზიაში | დაკარგულია, სულ მცირე, 12 ადამიანი

გადაუღებელმა წვიმებმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაკარგულად მიიჩნევა, სულ მცირე, 12 ადამიანი, რომელთაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 50-მდე ოჯახი კი დროებით სამთავრობო თავშესაფარში გადაიყვანეს.
ზარალისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის ხელისუფლება აზუსტებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სიმანგულამპე, სოფელი პოპულარული ტობის ტბის მახლობლად, ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში, სადაც რამდენიმე ტონა ტალახის ქვეშ დამარხულია სახლები, დაზიანებულია ეკლესია, სკოლა და სასტუმრო.