მეწარმე იურიდიული პირების პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით პარლამენტმა შესაძლოა იმაზე მკაცრი კანონი მიიღოს, ვიდრე პირველი მოსმენით არის ინიცირებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი მომხსენებელია, კომიტეტს წარუდგინა წინადადება, რომ თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკით დაკავდება, ის ადმინისტრაციული წესი მხოლოდ პირველ ჯერზე დაჯარიმდეს, ხოლო მეორე და ყველა შემდგომ ჯერზე – მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა დადგეს.
გორდულაძის თქმით, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული და ბიზნესმა ბიზნესი აკეთოს.
„მიზანია ის, რომ მეწარმემ ის საქმე აკეთოს, რისთვისაც კონკრეტული იურიდიული პირია შექმნილი – შესაბამისად, დაკავდეს ბიზნესით და იყოს მოგებაზე ორიენტირებული. ჩვენ ბიზნესის თავისუფლებაში არ ვერევით – პირიქით, ვამაყობთ და ცალსახად ვაცხადებთ, რომ ბიზნესის თავისუფლება ჩვენი გუნდის მონაპოვარია.
ამავდროულად, თუკი ვინმეს უნდა, რომ პოლიტიკით დაკავდეს, ამისთვის შესაბამისი წესი და ფორმა არსებობს – დარეგისტრირდეს პოლიტიკურ პარტიად და პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს.
როდესაც იურიდიული პირი პოლიტიკურად საქმიანობს, ეს შესაბამისს პასუხისმგებლობას გამოიწვევს – აქ კონკრეტული ფიზიკურ პირზე საუბარი არ არის.
ამავდროულად, გთავაზობთ და შეიძლება ეს იყოს სამსჯელო – რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის 20 000 და 40 000 ლარი. ეს თანხა მბოჭავი თანხა არ იყოს, რათა მან სამართალდარღვევაზე ხელი აიღოს. ხომ არ ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესსუბიექტის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული და ბიზნესმა ბიზნესი აკეთოს და პოლიტიკა – პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულმა პირმა.
ჩემი შეთავაზებაა, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდეს როგორ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე “სისხლის სამართლის კოდექსში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კოდექსს ემატება ახალი მუხლი – “მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის“ შესახებ. აღნიშნული მუხლის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას − 20 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 40 000 ლარი იქნება.




