“პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის არარსებობა – ეს არის ის გამოწვევები, რაც „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე გამოიკვეთა”, – ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, სოფიო დუღაშვილმა ისაუბრა.
„მთავარი გამოწვევა იყო პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის არარსებობა. ყოფილა შემთხვევა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი ერთ შემთხვევაში დახარვეზებულა, მეორე შემთხვევაში არა. ძირითადად, უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული ორგანიზაციების სარეგისტრაციო დოკუმენტები ხარვეზდება ხოლმე. აქამდე დროში ფერხდებოდა მინდობილობების გადამოწმების საკითხები, ბიზნესს კი ლოდინი არ უყვარს. იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც ცვლილების სახით შევიდა ნორმატიულ აქტში, ეს პრობლემაც აღმოიფხვრა. უკვე ნოტარიუსებთან არის შესაძლებელი დოკუმენტების დამოწმება და ისე რეგისტრაცია, რაც პროცესებს გაამარტივებს,“ – განაცხადა სოფიო დუღაშვილმა.
ახალი კანონის ფარგლებში, მეწარმეებს ევალებათ ჰქონდეთ კომპანიის აქტიური ელექტრონული პორტალიც, საქმიანი გვერდი, რომელიც ხელმისაწვდომი და საჯაროა.
„კანონის მიხედვით, პორტალზე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს ორგანიზაციის მმართველი მხოლოდ ერთი პირი. თუ ორგანიზაციაში რამოდენიმე მმართველი პირია, მაშინ ისინი მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს და გამოთქვამენ თანხმობას, თუ რომელი უნდა იყოს პორტალის მმართველი,“- აღნიშნავს სოფიო დუღაშვილი.
მისივე თქმით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ერთის მხრივ, გაამარტივებს ბიზნესის ეფექტიანობას, მეორეს მხრივ ერთიანი დაბალანსებული მიდგომა იქნება და ბუნდოვანება აღმოიფხვრება.
მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი, ბიზნეს-სუბიექტებისთვის, ცვლილებები განხორციელდა, რომელიც უკვე ამოქმედებულია. სარეგისტრაციო პროცედურის გავლა სავალდებულოა იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც 2022 წლის 1 იანვრამდე არიან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულნი. კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმისთვის,სამეწარმეო საზოგადოებისთვის, არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო პირის ფილიალისთვის.