მეც მიმიცია თანხა, რომ “მშვიდობით” გადავეყვანე სახლში – გალელები გადაადგილების სირთულეებზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები წლიდან წლამდე კლებულობს, თუმცა გალის მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილად მაინც რჩება.
2024 წლის 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში დააკავეს ს ტერიტორიაზე [დე ფაქტო] მცხოვრები ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც იქ ბინადრობის უფლება აქვთ. დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ხელს უწყობდნენ სხვებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვართან ახლოს მდებარე საცხოვრებლის გამოყენებით. 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ პირებთან ერთად, დააკავეს საქართველოს მესამე მოქალაქეც. დაკავებულებთან მიმართებით აღძრულია ე.წ. “სისხლის სამართლის საქმე” “უკანონო მიგრაციის ორგანიზების” ე.წ. “ბრალდებით” და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. “სასამართლოს” მიერ “მიესაჯა” 2- თვიანი “წინასწარი პატიმრობა”.
არსებობს სხვადასხვა მიზეზები თუ ვითარება, რაც მოსახლეობას არ უტოვებს სხვა გზას, გარდა იმისა, რომ სწორედ ამ, არცთუ ისე უსაფრთხო ხერხს – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას მიმართოს.
23 წლის ანანოს [სახელი შეცვლილია], მანამ, სანამ საჭირო დოკუმენტაცია ექნებოდა ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად, ხშირად უწევდა “სხვა გზებით” სიარული. ეს პერიოდი იწყება მისი ბავშვობიდან, როდესაც ამ გზას მშობლებთან ერთად გადიოდა.
ანანო იხსენებს პანდემიის პერიოდსაც, როდესაც საზღვარიც ჩაკეტილი იყო, რის გამოც ენგურს იქეთ, სახლში ბევრი ადამიანი ვეღარ ბრუნდებოდა.
“ძალიან მინდოდა სახლში წასვლა, მაგრამ იმის გამო, რომ საზღვარი ჩაკეტილი იყო, ვეძებდი სხვა გზებსა და ხერხებს, რომ სახლამდე მიმეღწია. ამისთვის კი ერთადერთი ხერხი ჩუმად და მალულად გადაპარვა იყო. ეს დღე მახსენდება ძალიან ცუდად, რადგან იყო საშინელი გზა. თავი რომ დავანებოთ იმის შიშს, რომ რუსები დაგვიჭერდნენ, შემდეგ კი ძალიან ბევრ პროცედურას გაგვატარებდნენ. გზა რომ აღვწერო, იყო სულ მავთულხლართებით, ეკლებით და მდინარით სავსე, რომელიც უნდა გადაგელახა იმისთვის, რომ აფხაზეთში აღმოჩენილიყავი. თუმცა სურვილი იმისა, რომ სახლში ვყოფილიყავი ძალიან დიდი იყო და ამის გამო ვაკეთებდი ამას,” – ამბობს ანანო.
ანანო იხსენებს, რომ ამ გზის გადალახვის დროს მარტო არ ყოფილა – მასთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეხმარებოდნენ მას “საზღვრის” გადაკვეთაში.
“მახსენდება საკუთარი თავი, ეკლებით დაჩხვლეტილი და დასისხლიანებული, თუმცა სახლში ყოფნის სურვილმა, ეს ტკივილი და ნაიარევი გადამატანინა. სხვათაშორის, მქონდა მომენტი იმ დღეს, როდესაც ვამბობდი, რომ მეთქი ნეტავ დამიჭერდნენ რუსები, იმდენად ცუდად ვიყავი და რთული იყო ამ გზის გავლა ჩემთვის. თუმცა არ დავნებდი და “მშვიდობით” ჩავედი სახლში. ასეთი ძალიან ბევრი დღე მახსენდება და მიწევდა მათი გავლა საჭირო დოკუმენტების არქონის პერიოდში,” – ჰყვება ანანო.
ანანო ამბობს, რომ მის გარშემო ხშირია მსგავსი შემთხვევები საჭირო დოკუმენტების არქონის პირობებში. ხოლო დოკუმენტები დასამზადებლად კი საჭიროა დიდი თანხა, რომლის გადახდაც ყველას არ შეუძლია.
“ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როდესაც, მაგალითად, თანხას უხდიან კონკრეტულ ადამიანს, რომ წყლის ან ტყის მეშვეობით გადაიყვანოს ხალხი. პირადად ჩემთან და ჩემს ოჯახშიც ყოფილა მსგავსი შემთხვევა, ძალიან გვჭირდებოდა და როდესაც სასწრაფო საქმე გაქვს, ვეღარ ელოდები დოკუმენტების გამზადებას და გიწევს ამ გზის არჩევა. ჩვენს შემთხვევაშიც, მიგვიცია კონკრეტული ადამიანისთვის თანხა იმის სანაცვლოდ, რომ გადავეყვანეთ ან ტყის ან მდინარის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვინც ამ ხერხს მიმართავს,” – ამბობს ის.
ანანოს თქმით, როდესაც ამ ადამიანს აძლევ კონკრეტულ თანხას იმისთვის, რომ მან გადაგიყვანოს, ის იმის გარანტიასაც გაძლევს, რომ პროცესი “მშვიდობით” ჩაივლის.
“მშვიდობით” ბრჭყალებში იმიტომ, რომ იქაც ძალიან ცუდი გზის გავლა გიწევს, თუმცა არ გიჭერს რუსი და მათთან არ გაქვს შემდგომ რაღაც პროცედურები გასავლელი. რთულია, მაგრამ ამას ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს,” – ჰყვება ანანო.
ანანო ფიქრობს რომ წლიდან წლამდე იცვლება ის, რომ იქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა გაანალიზა საჭირო დოკუმენტების ქონის მნიშვნელობა.
“ისინი ცდილობენ, რომ ის კონკრეტული თანხა, რაც დოკუმენტებისთვისაა საჭირო, გაიმეტონ. თუ ე.წ. საზღვარი ღიაა, სხვა გზებით წასვლის შანსი არის ნაკლები, ამიტომ გადამწყვეტი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის დოკუმენტების ქონა.
წარსულში ბევრი ფაქტი იყო სხვა გზით გადაპარვის, ვიდრე ახლა. მაგრამ ახლაც არიან ადამიანები, ვინც ამ მეთოდს კვლავ მიმართავენ. ერთი მიზეზი საჭირო დოკუმენტის არქონაა, მეორე კი ალბათ ისიც, რომ შესაძლოა მათ ჰქონდეთ მოთხოვნა გაგზავნილი დოკუმენტზე და ელოდებიან, თუმცა იგვიანებს, ან არის რაღაც შეფერხება, რომელიც უსასრულოდ იწელება,” – ამბობს ანანო.
ნენე [სახელი შეცვლილია] იხსენებს, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაუკვეთავს მას და მის მშობლებს, რადგან წლების განმავლობაში საჭირო დოკუმენტების არავის მოეპოვებოდა, მათი მომზადება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი ან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.
“ახლა, უწინდელ დროსთან შედარებით, ადვილია ეს ყველაფერი და თითქმის ყველა გალში მცხოვრებს აქვს ე.წ. ,,ვიდ ნა ჟიტელსტვო”(დროებითი მცხოვრებლის სტატუსის დოკუმენტი). მახსოვს, პატარა ვიყავი ჩემი მშობლები თანხას უხდიდნენ პირს, რომელსაც უკანონოდ გადავყავდით საზღვარზე ტყეების, ადიდებული მდინარეებისა და მავთულხლართების გავლით. ეს ხდებოდა სრულ სიბნელეში, რუსებს რომ არ შევემჩნიეთ. როდესაც სამშვიდობოს ვაღწევდით, მახსოვს, გახარებული ადამიანების სახეები, რომლებსაც იმ ტანჯული გზის დაპატიმრების გარეშე გადმოლახვა ახარებდათ,” – ამბობს ნენე.
ნენე ჰყვება, რომ გზა ოკუპირებული ტერიტორიიდან სამშვიდობომდე უსასრულოდ იწელებოდა და ძალიან სახიფათო იყო, რადგან მათ უწევდათ ენდოთ სიცოცხლე სრულიად უცხო ადამიანისთვის.
“ამ ადამიანს კი ჩვენზე მეტად ეშინოდა, რადგან მის კისერზე ბევრი ბავშვის, მოზარდისა თუ მოხუცის სიცოცხლე იყო დამოკიდებული. მან ასევე იცოდა, რა მოელოდა იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტი დაიჭერს. მას ნამდვილად ცემაში ამოხდიდნენ სულს და სოლიდურ თანხასაც მოსთხოვდნენ. მიხარია, რომ ეს ყველაფერი აღარაა სავალდებულო, რადგან უფრო ადვილი გახდა საბუთის მოპოვება და მხოლოდ ერთეულები თუ კვეთენ საზღვარს უკანონოდ. ხოლო ის, ვინც მათ ამაში ეხმარება, კვლავ მკაცრად და სასტიკად ისჯება,” – ამბობს ნენე.
მარიამი [სახელი შეცვლილია] ამბობს, რომ ე.წ.საზღვარზე გადასვლა არალეგალურად ბევრჯერ უცდია, რაც სხვადასხვა საჭიროებებმა განაპირობეს. საჭირო დოკუმენტების ქონას კი, ამ შემთხვევაში, დიდი როლი არ უთამაშია.
“პანდემიის დროს ჩაკეტილი იყო ჩემი სოფლის საზღვარი და სხვა სოფლების საზღვრებიც, რის გამოც გადასვლა არავის შეგვეძლო. გვიწევდა საზღვარზე მალულად გადაპარვა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველას გვქონდა საჭირო დოკუმენტი,” – ამბობს მარიამი.
მარიამის თქმით, მის გარემოცვაში ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხშირად არ ისმის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევებზე, რადგან თითქმის ყველას აქვს საჭირო დოკუმენტი, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილს კვლავ უწევს ამ მეთოდს მიმართოს.
“ასეთი შემთხვევები ბოლო პერიოდში ხშირი აღარ არის. უფრო ხშირი იყო მაშინ, როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო, ან საბუთების გაცემა იყო ახალი დაწყებული და ძველი უკვე აღარავის აღარ ჰქონდა. ერთი ადამიანი, დაახლოებით, იხდიდა 2000-დან 5000 რუბლამდე, ზოგჯერ მეტსაც – გააჩნია ადამიანი ვინ იყო. ასეთი შემთხვევა იყო ძალიან ბევრი. იყვნენ კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ თანხას იღებდა, შემდგომ გზებს კვალავდა და ხალხი გადაჰყავდათ. დაჭერის შემთხვევაში, მესაზღვრეები მათ უმოწყალოდ სცემდნენ. ძალიან ბევრს იქამდე სცემდნენ, სანამ არ დაასახიჩრებდნენ და გონებას არ დააკარგვინებდნენ. შემდეგ რამდენიმე დღე ბაზაზე ჰყავდათ და ცდილობდნენ ინფორმაცია გამოეძალათ, თუ ვინ ეხმარებოდა მათ, ვინ გადაჰყავდათ ამ მეთოდებით და რამდენიმე დღეში უშვებდნენ.
მახსოვს რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც იგივე გაუკეთეს რამდენიმე კონკრეტულ ადამიანს, რომლებიც შემდგომ ვნახე. როგორც მათ თქვეს, მხოლოდ ხელით არ სცემდნენ – იყენებდნენ ე.წ. ბიტას, კასტეტებს,” – ჰყვება მარიამი.
მარიამი მიიჩნევს, რომ წლიდან წლამდე უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და მეტიც, ეს ყველაფერი იმ სიხშირით გაგრძელდება, როგორც ეს წარსულში იყო
“ხალხი გააგრძელებს მალულად გადაპარვას, იმიტომ რომ არის ახლაც რაღაც ნაწილი, ვისაც მე ვიცნობ, ვინც მალულად დადის და რამდენჯერმე დაიჭირეს კიდეც და რა თქმა უნდა, სცემეს. რასაკვირველია, გამოსასყიდი თანხაც აიღეს, რომ გამოეშვათ ციხიდან. თუმცა ამას არ სჯერდებიან არასდროს, უსწორდებიან ადამიანებს ფიზიკურად, ყველას, აბსოლუტურად – განურჩევლად ასაკისა. ქალებს არ ურტყამენ, მაგრამ სხვებს, თუკი მაგალითად, სკოლის მოსწავლეა, მასაც უსწორდებიან ფიზიკურად,” – ამბობს მარიამი.