“მეც ვიბარებ რუსთაველზე” – ვაშაძე ამბობს, რომ წულუკიანის კომისიაზე დაიბარეს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიაში დაიბარეს. ის აცხადებს, რომ არც ცნობს პარლამენტის, შესაბამისად საპარლამენტო კომისიის ლეგიტიმურობას და მისვლას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ როგორც სხვების შემთხვევაში, ვინც უარი თქვა კომისიაზე მისვლაზე, ვაშაძესაც ბრალს წარუდგენენ.
“ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს! არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს! ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! ეს არის პროპაგანდის ნაწილი რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!”, – წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.
დღეს, 10 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ კომისიაზე დაიბარეს ექსპრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია. თუმცა, უცნობია აპირებს თუ არა გახარია ყოფილი თანაგუნდელების კითხვებს კომისიის ფორმატში უპასუხოს.