სართიჭალაში მდებარე მეცხოველეობის ფერმა „აგრომაქს ბიფი“ ფართოვდება და ახალი ფერმის მშენებლობას ვაზიანში იწყებს. კომპანიის სიახლეებზე „აგრომაქს ბიფი“ დამფუძნებელი, კოტე კვერნაძე BM.GE-თან დ საუბრობს
„აგრომაქს ბიფი“ საქართველოში მეხორცული საქონლის წარმოებაში აქტიურად მონაწილეობს და ამ მიმართულებით ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ცდილობს.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ახალი ფერმის მშენებლობა ვაზიანში 2 მლნ დოლარის ინვესტიციით მიმდინარეობს. პროექტის პირველი ეტაპი, ერთ თვეში დასრულდება, ხოლო სრული კომპლექსი 2025 წლის გაზაფხულისთვის დაიწყებს მუშაობას. ამით ფერმის წარმოება გაორმაგდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფერმა ვაზიანში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენდება და მას „გარდაბნის მეცხოველეობა“ ერქმევა.
როგორც კვერნაძე აცხადებს, საქართველოში მეხორცული მიმართულების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს, რადგან ბაზარი პრაქტიკულად ცარიელია და ბაზრის მოთხოვნებს მხოლოდ რამდენიმე პატარა ფერმერული მეურნეობა უზრუნველყოფს.
„ჩვენი ფერმა ორ ლოკაციაზე ფუნქციონირებს. პირველი ეტაპი, სადაც ხბოები იბადებიან, დმანისშია, ხოლო შემდეგ ცხოველები სართიჭალაში გადაგვყავს, სადაც მათი მოსუქების პროცესი იწყება. როცა პირუტყვი სასურველ წონას მიაღწევს, პროდუქცია სასაკლაოზე გადადის და იქიდან ქსელურ მარკეტებში იყიდება“, – განმარტავს კვერნაძე.
ამ ეტაპზე „აგრომაქს ბიფის“ ფერმაში დაახლოებით 1000 პირუტყვია, რაც მოიცავს როგორც დედა ჯგუფს, ისე მოსასუქებელ პირუტყვს. ფერმის პროდუქცია ძირითადად საქართველოში არსებულ დიდ მარკეტებში (კარფური, გუდვილი, აგროჰაბი) იყიდება. კვერნაძის თქმით, ამჟამად მათი ფერმის პროდუქცია მცირე წარმოების გამო, ექსპორტზე არ გადის.