მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები შემოწმდა, მათ შორის აფლატოქსინზეც – როგორია შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში 193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოველის საკვების 9 მწარმოებელი. როგორც სააგენტო იტყობინება, შემოწმების პროცესში შეუსაბამობები არ გამოვლენილა.
სეს-ის ცნობით, ინსპექტირების გარდა, მიმდინარეობს ცხოველის საკვების მონიტორინგი სხვადასხვა მაჩვენებელზე. როგორც სააგენტო იტყობინება, ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლების და მათი ნარჩენების გამოვლენის მიზნით, აღებულია 95 ნიმუში. არც ერთ მათგანში შეუსაბამობა არ აღინიშნა.
“გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოების პროცესის გამჭვირვალობის და რისკების ეფექტიან მართვის მიზნით, ცხოველის საკვების საწარმოებში მიმდინარეობს ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა. 2025 წელს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი 5 საწარმოში ჩატარდა”, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესრელიზში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, რეგისტრირებულია 13 ცხოველის საკვების საწარმო და 233 პირველადი წარმოების ობიექტი – ფერმა.
აფლატოქსინ B1-ის კვლევა 2025 წლიდან სახელმწიფო პროგრამით დაიგეგმა. სეს-ის ინფორმაციით, აღებული 60 ნიმუშიდან 1 დარღვევა გამოვლინდა. დარღვევა წვრილ ფერმერთან ცხოველის საკვებში გამოვლინდა.