მეცნიერი – კლიმატის ცვლილებებმა ბუნებრივი კატასტროფები გაახშირა – მთავრობის წინაშე დადგება საკითხი პრიორიტეტი მიანიჭოს სტეფანწმინდას, ყვარელს, თელავსა და ომალოს

[შევიმუშავეთ] პროექტი, რომლის ფარგლებშიც, განსაკუთრებით სენსიტიური ან მოწყვლადი ტერიტორია დავაფიქსირეთ სტეფანწმინდაში, სადაც გასულ წელსაც აქტიური იყო ეროზიულ-ღვარცოფული და თოვლის ზვავების აქტიური მუშაობა – [ამასთან,] საუბარია კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონზეც – მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა პრიორიტეტული, სტრატეგიული გეგმების დამუშავება, სადაც უნდა განხორციელდეს სასწრაფო პრევენციული ღონისძიებები, – ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა განაცხადა.
როგორც პროფესორმა გავარდაშვილმა „ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირებისა და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებების“ პრეზენტაციაზე აღნიშნა, „პრევენციაში კონკრეტულად საინჟინრო-რეგულირებული ღონისძიებების განხორციელება იგულისხმება“.
„მსოფლიოში დღის წესრიგში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და მათი რეგულირების ინოვაციური ღონისძიებების დასახვაა. აღნიშნული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვისაც აქტუალურია. იუნესკოში წარდგენილი პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების სტრატეგიული გეგმის დახვეწისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის და მთავრობების ეკოლოგიური განათლების ამაღლება. შედეგები ძალიან კარგი მივიღეთ. ჩართული იყო თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულოები და დავსახეთ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციებისათვის შესაბამისი სტრატეგიული გეგმა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებით სენსიტიური ან მოწყვლადი ტერიტორია დავაფიქსირეთ სტეფანწმინდაში, ანუ, ყაზბეგში, სადაც გასულ წელსაც აქტიური იყო ეროზიულ-ღვარცოფული და თოვლის ზვავების აქტიური მუშაობა. საბედნიეროდ, აღნიშნული ნაკადი არ წავიდა სტეფანწმინდის მიმართულებით, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურაა განვითარებული. მთავრობის წინაშე დადგება საკითხი, რათა პრიორიტეტული მიმართულება მიენიჭოს ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს როგორებიცაა – სტეფანწმინდა, ყვარელი, თელავი და ახმეტის რაიონში – ომალო.
საუბარია კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. როგორც მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილებებმა ბუნებრივი კატასტროფების გახშირება გამოიწვია. ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით, მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ამ რეგიონებში პრიორიტეტული, სტრატეგიული გეგმების დამუშავება, სადაც უნდა განხორციელდეს სასწრაფო პრევენციული ღონისძიებები, რათა [პროცესებს]მსხვერპლი არ მოჰყვეს. აქ კონკრეტულად იგულისხმება საინჟინრო-რეგულირებული ღონისძიებების განხორციელება, იქნება ეს ნაპირდამცავი ჯებირები, ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობები, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ნაგებობები, რომლებიც ინოვაციური მიმართულებით მუშავდება. მდინარე მლეთის წყალშემკრებ აუზში ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობა ავაშენეთ, რომელმაც მლეთის წმ. გიორგის ეკლესია დაიცვა.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის დახმარებით გუდაურში ავაშენეთ თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ნაგებობა, სადაც საქართველოს სამხედრო გზა დაცულია თოვლის ზვავების დამანგრეველი მოქმედებებისგან. ასე, რომ ეს პროექტები მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა გივი გავარდაშვილმა.
ამასთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თამაზ შილაკაძის განცხადებით, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მხრივ „სერიოზული სიტუაციაა და საჭიროა სისტემური მეთვალყურეობა, რათა ვიცოდეთ – სად რა მდგომარეობაა“.
„ქვეყანაში ძალიან სეროზული სიტუაციაა. მარტო მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების დამუშავება არ ჰყოფნის. საჭიროა, სისტემური მეთვალყურეობა და დეტალური კადასტრის შედგენა, ვიცოდეთ სად რა მდგომარეობაა. დღეს საჭიროა, მეცნიერული კუთხით შევისწავლოთ საქართველოს ყველა კუთხე. ზოგიერთი სოფელი პირდაპირ საშინელ მდგომარეობაშია. ვინაიდან, ისეთ ადგილასაა განლაგებული, სადაც შეიძლება ხვალ რაღაც მოხდეს“,- განაცხადა თამაზ შილაკაძემ.