ჰონგ-კონგში ღორს ენდოსკოპია ჩაუტარდა, მაგრამ ეს შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ პროცედურა დისტანციურად განხორციელდა. სამედიცინო ინსტრუმენტს PlayStation-ის ჯოისტიკით ციურიხში მდებარე ლაბორატორიიდან აკონტროლებდნენ, რომელსაც საოპერაციო სივრციდან 9 300 კილომეტრი აშორებდა.
ეს ჩინელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა თანამედროვე რობოტექნოლოგიისა და სწრაფი ინტერნეტის დახმარებით შეძლეს. ცნობილია, რომ ეკრანზე ენდოსკოპის კამერის მიერ გადაღებული გამოსახულების დაყოვნება მხოლოდ 300 მილიწამი იყო. უკანასკნელი მიღწევა ტელემედიცინის, ანუ დისტანციური სამედიცინო სერვისების, სფეროში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტრანსატლანტიკური ქირურგიული პროცედურა ჯერ კიდევ 2001 წელს ჩატარდა. მას შემდეგ სპეციალისტები ტექნოლოგიისა და მეთოდების დახვეწას ცდილობენ. ამ წინსვლამ განაპირობა, რომ დედამიწიდან ქირურგიული რობოტი ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც კი გააკონტროლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში დისტანცია დაახლოებით 400 კილომეტრი იყო.
ჰონგ-კონგსა და ციურიხს შორის ბევრად დიდი მანძილია, თანაც ენდოსკოპია ცოცხალ, ანესთეზირებულ, ღორს ჩაუტარდა. შესაბამისად, ეს პროცესი ზუსტ დაგეგმვას, სიფრთხილესა და სტაბილურ ინტერნეტკომუნიკაციას საჭიროებდა.
ცხოველს ანესთეზია საოპერაციოში მყოფმა ექიმებმა გაუკეთეს და მის სხეულში ენდოსკოპი შეიყვანეს. აქედან საქმეში უკვე ციურიხის ლაბორატორია ჩაერთო, საიდანაც აკონტროლებდნენ ინსტრუმენტს, რომელიც მაგნიტური ველის მეშვეობით მოძრაობს. მისი მაგნიტური თავაკი ნებისმიერი მიმართულებით იღუნება და მარტივად მანევრირებადია. ის ჩვეულებრივზე მცირე ზომისაა და იმდენად მოქნილია, რომ 180°-თაც კი შემოატრიალეს. ასევე, ღორის მუცლის გარსიდან ქსოვილის ნიმუშების აღებაც მოახერხეს.
ენდოსკოპის ამ მახასიათებლების გამო მისი გამოიყენება, პოტენციურად, ადამიანებშიცაა შესაძლებელი, რისთვისაც ის ორგანიზმში ცხვირიდან უნდა შეიყვანონ და არა პირიდან. ეს პაციენტებისთვის უფრო კომფორტულიც იქნება, მათ მხოლოდ მსუბუქი ანესთეზია დასჭირდებათ და ენდოსკოპი ზომით ბავშვის სხეულსაც მოერგება.
მომდევნო ეტაპზე მეცნიერები მის გამოცდას სწორედ ადამიანზე გეგმავენ და პოტენციალს მინიმალურად ინოვაციურ პროცედურებში ხედავენ, როგორიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემოწმებაა, მაგალითად სიმსივნის სკრინინგისთვის. რაც შეეხება ღორს, ის პროცედურად გადაურჩა და რაიმე დაზიანება არ მიუღია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Advanced Intelligent Systems გამოქვეყნდა.
· გადახედვა მეცნიერება Neuralink-ის პირველი პაციენტი იმპლანტს უცხო ენების შესასწავლად იყენებს Neuralink-ის პირველი პაციენტი იმპლანტს უცხო ენების შესასწავლად იყენებს
· გადახედვა მეცნიერება მოყვარულმა ასტრონომებმა “თბილი იუპიტერის” ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს მოყვარულმა ასტრონომებმა “თბილი იუპიტერის” ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს