მეცნიერები NASA-ს ზონდის Mars Insight Lander-ის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ პლანეტა მარსის სიღრმეში თხევად მდგომარეობაში წყლით სავსე „ბუშტი“ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
როგორც ბრიტანული ტელეარხი იუწყება, წყალი მარსზე მანამდეც აღმოუჩენიათ, თუმცა არა თხევადი, არამედ ყინულისა და აირის სახით. ზონდის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ წყალი მარსში 10 – 20 კილომეტრის სიღრმეშია.
მეცნიერები, რომლებიც მარსის ზედაპირს იკვლევენ, დიდი ხნის წინ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პლანეტაზე ოდესღაც წყალი იყო, რადგან მას მდინარეებისა და ტბების კვალი დღესაც ეტყობა.
თუმცა, ბოლო სამი მილიარდი წელია მარსზე მხოლოდ უდაბნოა. ოდესღაც არსებული წყლის ნაწილი აორთქლდა და ატმოსფეროსთან ერთად კოსმოსში გაიფანტა, ხოლო მეორე ნაწილი – ზედაპირს ქვემოთ აღმოჩნდა.
როგორც BBC აღნიშნავს, თუ ეს მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, მარსის სიღრმეში იმდენი წყალი უნდა იყოს, რომ ის მთელ პლანეტას, რომლის ფართობი წყნარ ოკეანეზე ნაკლებია, დაფარავს.
წყარო: იმედი ნიუსი