მეცნიერები აცხადებენ, რომ უძველესი კოცონის ნარჩენები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ინგლისში, სუფოლკის საგრაფოში მდებარე არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე იმის მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომ ადამიანებმა ცეცხლის მოპოვება დაახლოებით 400 ათასი წლის წინ ისწავლეს – თითქმის 350 ათასი წლით ადრე, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.
მათი კვლევა სამეცნიერო ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.
ცეცხლის განზრახ დანთების ყველაზე ძველ უდავო მტკიცებულებად საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული 50 ათასი წლის ობიექტი ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ცეცხლი მილიონ წელზე მეტი ხნის წინ გამოიყენებოდა, ბრიტანეთიდან მიღებული ახალი მონაცემები მიუთითებს 400 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანების მიერ ცეცხლის მიზანმიმართულად შექმნაზე.
ბარნჰემის დასახლებაში, გათხრების ადგილას აღმოჩენილია დამწვარი თიხის ნაკვეთი და ქვის იარაღები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების კვალის ნიშნებით. გეოქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნიადაგის ტემპერატურა ერთი და იმავე ადგილას, ცეცხლის არაერთხელ დანთების შედეგად 700 გრადუსზე მაღალი იყო.
საკვანძო მტკიცებულება გახდა მინერალ პირიტის ორი ფრაგმენტის აღმოჩენა, რომელიც კაჟზე დარტყმისას ნაპერწკალს იძლევა. ის ამ ადგილას არ მოიპოვება, რაც ათობით კილომეტრის მანძილზე მდებარე სანაპიროდან მის მიზანმიმართულ ტრანსპორტირებაზე მიუთითებს.
მეცნიერთა აზრით, ცეცხლს ადრეული ნეანდერტალელები ანთებდნენ, რადგან ჰომო საპიენსებს იმ დროს აფრიკა ჯერ არ დაუტოვებიათ. ამას ადასტურებს ევროპის სხვა რეგიონებში ანალოგიური ასაკის ნეანდერტალელთა დნმ-ის მქონე ნამარხების აღმოჩენები.
მკვლევართა თქმით, ცეცხლზე კონტროლს ადამიანის ევოლუციაში გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა. ის უზრუნველყოფდა სითბოს, დაცვას, საკვების მომზადების შესაძლებლობას და, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა სოციალურ ინტერაქციასა და მეტყველების განვითარებას.
imedinews.ge