მეშახტეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად ტყიბულში დღეს მსახიობები და რეჟისორები ჩავიდნენ

გათავისუფლებული მეშახტეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად ტყიბულში დღეს მსახიობები და რეჟისორები ჩავიდნენ. ხელოვანები ამბობენ, რომ ისინი მაღაროელების ხმას გააძლიერებენ.
ჩამოვედით მეშახტეების სოლიდარობისთვის, ასევე, რომ გავაძლიეროთ მათი ხმა და თუ შეგვიძლია, ჩვენი აქ ყოფნით კიდევ უფრო გაძლიერდეს მათი სრულიად სამართლიანი მოწოდება, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, რომ მივეხმაროთ ყველანაირად”. – განაცხადა რეჟისორმა, დათა თავაძემ.
ტყიბულში აქციაზე იმყოფება კახა კინწურაშვილიც. მსახიობი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია სოლიდარობა, რადგან მისი თქმით, სწორედ ესაა, რაც ამ რეჟიმს დაასრულებს.
რეალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ დღეს, რეალურად, სახელმწიფო აღარ არსებობს. შესაბამისად, ქვეყნის გადასარჩენად იბრძვიან ადამიანები, ზოგიერთი დაკავებულია, ზოგი უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულია სამსახურიდან, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ამ ყველაფერს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და ჩემი მიზანიც აქ ყოფნის სწორედ ეს არის.
ამ წუთებში, ტყიბულის მერიის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია იმართება.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს ათეულობით მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლეს. პროტესტის რეჟიმში გადასული მუშები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საპროტესტო აქციებზე დგომა და ევროპული მომავლის დაცვა არ აპატიებს.