მეყანწიშვილის საქმიდან ამორიცხეს პაპუაშვილის პოსტი, რომლითაც ადვოკატებს “პოლიტიკური დაკვეთის” დადასტურება სურდათ

პროკურორის მოთხოვნით, მოსამართლემ მარიამ მეყანწიშვილის საქმიდან ამორიცხა ს პოსტის დათვალიერების ოქმი.
საუბარია პოსტზე, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მეყანწიშვილის დაკავების დღეს გამოაქვეყნა და აქტივისტი “ექსტრემისტად” და “ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთ ორგანიზატორად” მოიხსენია.
მოგვიანებით, მეყანწიშვილს მართლაც წარუდგინეს ბრალი “ჯგუფური მოქმედების ორგანიზების” მუხლით. თუმცა, იმ დროისთვის, როცა პაპუაშვილმა ის საჯარო პოსტით დაადანაშაულა “ძალადობის ორგანიზებაში”, მეყანწიშვილისთვის ბრალდების დადგენილება არ იყო გამოცემული. აქტივისტის ადვოკატების აზრით, ეს ადასტურებს, რომ მეყანწიშვილის დაკავება და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.
“ჩვენი, დაცვის მხარის სტრატეგიაზე არ მინდოდა ამ ეტაპზე, საუბარი, მაგრამ მიწევს – დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ის, რომ მარიამ მეყანწიშვილი დღეს ბრალდებულის სკამზე ზის, არის პოლიტიკური დაკვეთა. ეს არის ს პირდაპირი დაკვეთა”, – განაცხადა 27 ნოემბერს, მეყანწიშვილის წინასასამართლო სხდომაზე მისმა ადვოკატმა ანა ბებიამ და დაამატა, რომ შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმფციაც დაარღვია.
რატომ დასჭიდა ადვოკატს დაცვის სტრატეგიაზე საუბარი წინასასამართლო სხდომაზე?
იმიტომ, რომ ბრალდების მხარემ დაცვის მხარის წარდგენილი მტკიცებულებათა ნუსხიდან პაპუაშვილის პოსტის დათვალიერების ოქმის ამორიცხვა მოითხოვა. პროკურორმა ლაშა ცხვიტარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირის შეფასება ამა თუ იმ საკითხზე, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის ფარგებში განსახილველ საკითხს.
საპასუხოდ, ადვოკატმა ანა ბებიამ განმარტა, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მხოლოდ კანონიერება მოწმდება და არა მისი შინაარსი. მან მოსამართლეს მოუწოდა, განიხილოს მხოლოდ ის, კანონიერად არის თუ არა მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული აღნიშნული მტკიცებულება, ხოლო მის შემხებლობას საქმესთან არსებითი განხილვის ეტაპზე, უკვე სხვა მისამართლე შეამოწმებს.
“ეს პოსტი შალვა პაპუაშვილის მიერ განთავსდა 17 ოქტომბერს, 19:19 წუთზე. 17 ოქტომბერს, დილის საათებში იქნა დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი. ანუ, ეს არის ის პერიოდი, როცა ჩვენ არც კი ვიცოდით მარიამ მეყანწიშვილის მიმართ წარდგენილი მუხლის შესახებ. ბრალდების შესახებ დადგენილება არ იყო გამოცემული, მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორად მოიხსეიებდა შალვა პაპუაშვილი თავის პოსტში მარიამ მეყანწიშვილს”, – განაცხადა ანა ბებიამ.
მეყანწიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, აიჰან ჰასანლიმ მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ თუ ის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსის განხილვას დაიწყებს, მოუწევს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა 99%-ის საქმიდან ამორიცხვა, რადგან ისინი პაპუაშვილის პოსტისგან განსხვავებით, ნამდვილად არ არის შემხებლობაში საქმესთან.
მოსამართლე მეია მელქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მეყანწიშვილის საქმიდან ამორიცხა მტკიცებულება, რომლითაც ადვოკატები აქტივისტის დაკავების პოლიტიკურ მოტივების დასაბუთებას გეგმავენ. მოსამართლეს არ უთქვამს, რომ პრობლემურია მტკიცებულების მოპოვების კანონიერება, მაგრამ თქვა, რომ მას განიხილავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობის ასპექტში.
ჰასანლის თქმით, ისინი აპირებენ გაასაჩივრონ მეია მელქაძის ეს გადაწყვეტილება.
“მარიამ მეყანწიშვილის დაკავება არის პოლიტიკური დაკვეთა. ის რომ ესაუბრა ეუთოს თავმჯდომარეს, აღნიშნულის შემდეგ დააკავეს ზუსტად. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ამავდროულად, აღნიშნული პოსტის შინაარსი პირდაპირ შემხებლობაშია საქმესთან”, – უთხრა ჰასანლიმ ნეტგაზეთს.
მისივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს აღნიშნული პოსტი ფეისბუქზეც ჰქონდა გამოქვეყნებული. თუმცა, ამ დროისთვის ამ პლატფორმაზე ეს პოსტი აღარ იძებნება. სამაგიეროდ, იგივე პოსტის ინგლისური ვერსია კვლავ იძებნება პაპუაშვილის X-ის ანგარიშზე.
“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ეუთოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, გადაიღო ვიდეო, თუ როგორ არღვევს კანონს თბილისის ცენტრალური გამზირის გადაკეტვით, სადაც ის ესაუბრება ექსტრემისტული ჯგუფების ერთ-ერთ სამარცხვინო წარმომადგენელს”, – წერს პაპუაშვილი პოსტში, სადაც გარდა მეყანწიშვილის “ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად” მოხსენიების გარდა აკრიტიკებს ეუთოს თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე მისვლისთვის.
When Finnish foreign minister, acting @OSCE chair, made a video of herself breaking the law while blocking the central Avenue in Tbilisi, she was actually seen speaking to one of the infamous representatives of the extremist groups. In the other video, Mariam Mekantsishvili,… pic.twitter.com/Uo3WcGOXmz — Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 17, 2025
ვალტონენს, რომელიც 15 ოქტომბერს რუსთაველზე, დემონსტრანტებთან გასასაუბრებლად მივიდა, შეხვდა მარიამ მეყანწიშვილი.