მექსიკის სოფელში გატაცებების ფონზე, მოხალისეთა პოლიციას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ

მექსიკის მთიან სოფელში, აიაჰუალტემპაში, ბანდიტების მიერ გატაცებების ფონზე, მოხალისეებისგან შემდგარ ადგილობრივ პოლიციას სკოლის მოსწავლეებიც, მათ შორის 12 წლის მოზარდებიც, შეუერთდნენ.
„ჩვენ ვერ ვსწავლობთ უკანონობის გამო”. – თქვა ერთ-ერთმა მოზარდმა, რომელიც მოხალისეთა პოლიციაში მიიღეს.
აიაჰუალტემპა ერთ-ერთი დასახლებაა გერეროს შტატში, სადაც ხელისუფლებას ნარკოკარტელებთან გამკლავება უჭირს. ბოლოდროინდელი გატაცების შედეგად დაკარგული ადამიანების ძიების გამო მოხალისეთა პოლიციაც გადატვირთულია და სკოლის მოსწავლეები დასახმარებლად ამიტომ მიიღეს.
ადგილობრივი თანამდებობის პირის, ანტონიო ტორიბიოს, თქმით, თოფებით და ჯოხებით შეიარაღებული არასრულწლოვნები მოხალისეთა პოლიციას მხარს გაუმაგრებენ და სოფელს დაიცავენ, სანამ ზრდასრულები გატაცებულ ადამიანებს ეძებენ.
„აღარ დავრთავთ ნებას, რომ გაგვიტაცონ ან რომ ხალხი კვლავ ქრებოდეს“. – თქვა ტორიბიომ.
გერეროს შტატის პროკურატურის ცნობით, აიაჰუალტემპაში 19 იანვრიდან დაკარგულია ადგილობრივი ოჯახის 4 წევრი, რომლებიც გაიტაცეს.
შტატში ბოლო დროს ნარკოკარტელების მხრიდან ძალადობა გამწვავდა. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების თანახმად, იანვრის დასაწყისში, კარტელმა დრონებით თავდასხმის შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი მოკლა.
გერეროს შტატში არასრულწლოვნები უკანონობის წინააღმდეგ მანამდეც შეიარაღებულან.