ჩვენ ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ვგმობთ , – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
„ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“, – განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა.
ასევე, მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საიმიგრაციო პროცესების დაცვისას კანონის უზენაესობას პატივი სცენ.
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხუან რამონ დე ლა ფუენტეს განცხადებით, ლოს-ანჯელესში ბოლო დროს ჩატარებული საიმიგრაციო რეიდების შედეგად, სულ მცირე, 42 მექსიკელია დაკავებული.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები საპროტესტო აქციებზე მექსიკის დროშებს აფრიალებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, კვირას ლოს-ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.
