მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწევენ.
„ჩვენი კოლეგების გუშინდელი განხილვის საფუძველზე გვჯერა, რომ აშშ-სთან შეთანხმებას მივაღწევთ და, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებით. გარკვევით გვესმის, რაზე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ აშშ-სთან და რაზე არა. არის რაღაც, რაც არასდროს, არასდროს, მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტია“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს. დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტისთვის, კლაუდია შეინბაუმისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მექსიკა მას აშშ-ის „საზღვრის დაცვაში ეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის“.
„მექსიკამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კარტელების შეჩერება, რომლებიც ცდილობენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედანად აქციონ. ცხადია, მე ამას ვერ დავუშვებ“, – აღნიშნულია წერილში.
