“მეფე გიორგის ეს არ შეეფერება” – მიქაუტაძის “დასჯა” ლაკაზეტის გამო და სანიოლის ასისტენტი მატჩზე[PHOTO]

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში “ლიონმა” “მონპელიეს” (1:0) გვიანი გოლით აჯობა. კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მანამდე 6 მატჩში 5 გოლი (თასისა და ევროტურნირის ჩათვლით) გაიტანა, სათადარიგოთა შორის ვიხილეთ(76-ე წუთიდან ჩაერთო). აშკარაა, ალექსანდრ ლაკაზეტის (7.9 – ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო) ავტორიტეტი დიდია, ამ ორი ფორვარდის ერთად თამაში კი, თუკი ასეთი გეგმა მწვრთნელ პიერ საჟს გააჩნდა, არ გამოდის. კონკურენცია თავის მხრივ ცუდი არაა, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი ამის გამო ერთგვარად ისჯება.
სასტარტო თერტმეტეულის გამოცხადებისთანავე, “ლიონის” “ფეისბუქგვერდზე” უამრავი კომენტარი იყო, სადაც შემადგენლობას
აკრიტიკებდნენ და მათ შორის, ქართველებიც:
“მწვრთნელი ჯიუტდება და სათადარიგოთა სკამზე მიქაუტაძე ჰყავს, რომელიც აშკარად საუკეთესო მოთამაშეა”;
“ვერ ვიჯერებ ამ შემადგენლობას – მიქაუტაძე, ჩერკი და ტოლისო – საუკეთსოები არ არიან”;
“ლიგის თასის შესაფერისი გუნდით გავედით”;
“მეფე გიორგის ეს არ შეეფერება, საჟ, რას აკეთებ!”;
“ლაკაზეტი უნდა დავასვენოთ, სანამ მიქაუტაძე ფორმაშია”;
“ჩერკი და მიქაუტაძე რატომ არ არიან, წასვლას აპირებენ?”;
“მათ სურთ, ორი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდეს?”
შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, ადელ ჩედლი დაესწრო, რომელმაც “ჟორჟთან” ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
“ლიონი” მეხუთე ადგილს იკავებს, ლიდერ პსჟ-ს კი 12 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ჩემპიონატში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს.