მეუფე შიო – ღვთის მიერ ვართ ამქვეყნად წარგზავნილნი, რომ ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით, პეტრესა და პავლესთან – ისინი გვასწავლიან: თუ შესცოდე, მოინანიე, თუ დაეცი, ადექი, სულის სისუსტე თუ გამოავლინე, გამაგრდი

წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება – მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში. სულიწმინდის მადლით მუდამ განმტკიცებულებმა, მათ მოხიბლეს ადამიანთა გულები თავიანთი ქადაგებით, დაადუმეს იმჟამინდელ ბრძენთა ბაგეები და ათასობით, ათიათასობით ადამიანი მოაქციეს ქრისტესკენ,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ღვთის მიერ ამქვეყნად ყველა იმისთვისაა წარგზავნილი, რომ უფლის მცნებებით ვიცხოვროთ.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს – წმინდათა თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს ხსენებას.
წმინდა ეკლესიამ ამ მოციქულებს მიანიჭა ასეთი საპატიო წოდება – მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში. სულიწმინდის მადლით მუდამ განმტკიცებულებმა, მათ მოხიბლეს ადამიანთა გულები თავიანთი ქადაგებით, დაადუმეს იმჟამინდელ ბრძენთა ბაგეები და ათასობით, ათიათასობით ადამიანი მოაქციეს ქრისტესკენ.
დღეს წაკითხულ სამოციქულო საკითხავში იყო ნახსენები ის ჭირი და მწუხარება, რომელთა გადატანაც უწევდათ მათ. „ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა გამოგვაჩინა როგორც სიკვდილმისჯილები“ (I კორ. 4, 9), – წერს პავლე მოციქული კორინთელებს, – ,,ვითმენთ შიმშილს, წყურვილს, სიშიშვლეს, გვემას, მიუსაფრობას, გვაგინებენ და ვლოცავთ, გვდევნიან და ვითმენთ, ვართ, როგორც ნაგავი ქვეყნისა, თითქოს ნაგავი ქვეყნისა და ყველას მიერ ნაქელი მტვერი“ (I კორ. 4, 11-13), ნაქელი, ე. ი. გათელილი.
თქვენ იცით, რომ მოციქულ პეტრეს, სანამ იგი ქრისტეს მოწაფე გახდებოდა, სიმონი ერქვა და მაცხოვარმა მას პეტრე დაარქვა, რაც ნიშნავს კლდეს. იგი გახდა მხურვალე მოწაფე და მუდმივი თანამგზავრი უფლისა. პეტრე მოციქული იყო პირველი, ვინც აღიარა ქრისტე ძე ღმერთად. დღეს მოისმინეთ ეს წმინდა სახარებაში. მან მოციქულთა სახელით ყველას მაგივრად წარმოთქვა ეს აღიარება. როდესაც ქრისტეს აღდგომის ამბავი შეიტყო, იგი პირველი გაიქცა საფლავისკენ და მოგვიანებით უთხრა უფალს: „უფალო, შენ იცი, რომ მე შენ მიყვარხარ“ (ინ. 21, 15). სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ პეტრე მოციქული იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ხმამაღლა ქადაგება ქრისტესი და მრავალი ადამიანი მოაქცია სარწმუნოებაზე. იგი მოწამებრივად აღესრულა: ჯვარზე თავქვე იყო გაკრული და თავისი სისხლით დაამტკიცა მაცხოვრისადმი სიყვარული და ერთგულება.
რაც შეეხება პავლე მოციქულს, ეკლესიის ისტორიაში არ მოიძებნება სხვა ადამიანი, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში ისევე ცნობილი ყოფილიყო, როგორიც იყო პავლე მოციქული და როგორიც არის დღესაც.
თქვენ იცით, რომ სანამ სამოციქულო ღვაწლს დაიწყებდა, მას სავლე ერქვა და თვით უფალმა იესო ქრისტემ განანათლა იგი ჭეშმარიტების ნათლით. „გაუწყებთ, ძმანო, – წერს იგი გალატელებს, – რომ სახარება მე მივიღე და ვისწავლე არა ადამიანისგან, არამედ, იესო ქრისტეს გამოცხადებით“ (გალატ. 1, 11).
დიდი იყო პავლე მოციქულის ქადაგების ძალა, ძალიან ბევრი იღვაწა მან სახარების გავრცელებისთვის. მართალია, იგი არ იყო მოციქულთა შორის იესო ქრისტეს მიწიერ სიცოცხლის დროს, მაგრამ მან თავისი ნათელი გონებით გულისხმაჰყო, ჩაწვდა იმას, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია, რომელიც მოვიდა კაცობრიობის სახსნელად.
ძალიან დიდი იყო ორივე მოციქულის ჯილდო ღვთისგან მათ მიწიერ სიცოცხლეშივე. პეტრე მოციქული ღირსი გახდა, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე ყოფილიყო: თაბორის მთაზე ფერისცვალებისა და გეთსიმანიის ლოცვისა, ხოლო პავლე მოციქული, როგორც იცით, ღირსი გახდა მესამე ცამდე, ანუ სამოთხემდე ამაღლებისა, სადაც მან მოისმინა ენით გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა გადმოცემა ადამიანს არ ძალუძს.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სიტყვა „მოციქული“ ნიშნავს „წარგზავნილს“ და ჩვენც, ყველანი, ვართ წარგზავნილნი ღვთის მიერ ამქვეყნად, რომ შევიმეცნოთ და დავამოწმოთ ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრებით, ე. ი. ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი – მოციქულ პეტრესა და მოციქულ პავლესთან. ისინი თავიანთი ცხოვრებით გვასწავლიან: თუ შესცოდე, მოინანიე, თუ დაეცი, კვლავ ადექი, სულის სისუსტე თუ გამოავლინე, გამაგრდი ღვთის იმედით, ირწმუნე და შეიყვარე უფალი.
აი, ასეთი მართალი ცხოვრება ქრისტეში მიგვიყვანს მარადიული სიცოცხლის დამკვიდრებამდე, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები