მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ.
ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, ამისთვის არის რამდენიმე მთავარი პირობა: ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. მეორე, უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანთა შორის. მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი.
როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როდესაც არის ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა, ცილისწამება? ეს ხომ შეუძლებელია? რასაც ჩვენ ვხედავთ ასე უხვად მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს. იციან ფაქტები, თუ არ იციან, მარტო აღქმებს თუ ჭორებს ეყრდნობიან.
ეს მეტყველებს უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამიტომ, თუ გვსურს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ.
როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში. რამდენი საუბარია იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება.