საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვები მშვიდობისთვის.
გარდა ამისა, მეუფე შიოს თქმით, სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ქვეყანაში ვითარების დამშვიდებამდე ტაძრებში საქართველოს მშვიდობისთვის პარაკლისები ჩატარდეს.
„მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის.
სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ვითარების დამშვიდებამდე ყოველდღიურად ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისები საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისა და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.
