ვიდგეთ მტკიცედ, არაფრის გვეშინოდეს, რადგან უფალი იყო, არის და იქნება ჩვენთან, ოღონდაც ჩვენ გვქონდეს მის მიერ დაარსებული ეკლესიის რწმენა და სიყვარული; იმ ეკლესიისა, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდის მაცხონებელი მადლი , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
მიტროპოლიტი შიოს განცხადებით, ზეცად ამაღლებით უფალმა ცაში აიყვანა ადამიანი, ადამიანის ბუნება, ადამიანის სხეული და ამიერიდან ის მჯდომარეა მარჯვენით მამისა. ოდესღაც დარღვეული კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის დღეს აღდგენილია. ღვთაება შეუერთდა კაცობრივ ბუნებას და ეს შეერთება მარადიულია.
„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.
უფალი იესო ქრისტე თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკანასკნელად გამოეცხადა მოწაფეებს და უბრძანა, არ განშორებოდნენ იერუსალიმს და დალოდებოდნენ მათზე სულიწმინდის გადმოსვლას. შემდეგ წაიყვანა ისინი ელეონის მთაზე, ხელები აღაპყრო, აკურთხა ისინი და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. სანამ მოწაფეები ზეცაში იყურებოდნენ, წარუდგა მათ ორი კაცი, ანგელოზები, თეთრ სამოსში, რომლებმაც უთხრეს, რომ: „ეს იესო, რომელიც თქვენ იხილეთ ზეცად აღმავალი, ისევე მოვა, როგორც თქვენ იხილეთ, როგორ მაღლდებოდა ზეცად“ (საქმ. 1, 11).
წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. თითქოს უფალი იესო ქრისტე მათ განეშორა, წავიდა მათგან, დამთავრდა ის ყოველდღიური სიხარული მასთან ურთიერთობის. მაშ, რატომ უხაროდათ ასე? რა არის ასევე ჩვენი დღევანდელი ზეიმისა და სიხარულის მიზეზი?
ჩვენ დღეს ვხარობთ და ვზეიმობთ იმიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ზეცად ამაღლებით უფალმა ცაში აიყვანა ადამიანი, ადამიანის ბუნება, ადამიანის სხეული და ამიერიდან ის მჯდომარეა მარჯვენით მამისა, როგორც ნათქვამია ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში. ეს სიტყვები გულისხმობს იმ დიდებას და პატივს, რომელიც აქვს უფალ იესო ქრისტეს კაცობრივ ბუნებას; რომ ოდესღაც დარღვეული კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის დღეს აღდგენილია. ღვთაება შეუერთდა კაცობრივ ბუნებას და ეს შეერთება მარადიულია. ამას ვზეიმობთ დღეს.
ასევე, უფალმა თავისი ზეცად ამაღლებით ზეცისკენ გზა გაუხსნა მორწმუნეებს, ჩვენ, ყველას, და ამასაც იგი არაერთხელ ამბობდა თავის მოწაფეებთან საუბრებში: „მე მივდივარ, რომ გაგიმზადოთ თქვენ ადგილი და ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (ინ. 14, 3). ამასვე ასწავლის წმინდა პავლე მოციქული, როცა წერს, რომ უფალი იესო ქრისტე ჩვენთვის წინამორბედად შევიდა ზეციურ წმიდათა წმიდათაში (ებრ. 6, 20). ხომ იცით, რას ნიშნავს წინამორბედი? ეს არის ის, ვინც წინ მიდის, გზას უკვალავს სხვებს. იესო ქრისტე შევიდა, როგორც პირველი, იმისთვის, რომ გვიჩვენოს გზა ზეცისკენ და ეს გზა გაგვიადვილოს. წმინდა ეკლესიაში მასთან ზიარებით გვეძლევა საშუალება, მასთან ერთად ყოფნის და მის ამ დიდებაში მონაწილეობისა. ამასაც გვასწავლის წმინდა პავლე მოციქული, როცა ამბობს, რომ ღმერთმა ჩვენ ქრისტესთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცად, ქრისტე იესოში (ეფ. 2, 6).
ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ჩვენი სულის გადარჩენისთვის კიდევ იმაში მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფლის ამაღლებით გზა გაეხსნა ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასს – სულიწმინდას – დედამიწაზე მოვლინებისთვის. სულიწმინდა ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, გარდამოვიდა ჩვენზე, რომ აცხონოს ჩვენი სულები, განგვწმინდოს სულიწმინდის იმ ნიჭებით, რომლებიც მოქმედებს ეკლესიაში. აი, რას ვზეიმობთ დღეს! აი, რა უხაროდათ წმინდა მოციქულებს, როდესაც ბრუნდებოდნენ იერუსალიმში, რადგან, დიახ, განშორდა მათ უფალი, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ეს განშორება არ იყო სამუდამო, რადგან მათ ახსოვდათ კიდევ ერთი დანაპირები იესო ქრისტესი: „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (ინ. 14,18; მთ. 28, 20).
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვიდგეთ მტკიცედ, არაფრის გვეშინოდეს, რადგან უფალი იყო, არის და იქნება ჩვენთან, ოღონდაც ჩვენ გვქონდეს მის მიერ დაარსებული ეკლესიის რწმენა და სიყვარული; იმ ეკლესიისა, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდის მაცხონებელი მადლი და მაშინ, როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში, ,,ვერვინ შემძლებელ იქნება ვნებად ჩვენდა”.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს.
მინდა, დღეს დიდი სიყვარულით განსაკუთრებით მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ამაღლების დღესასწაული, ვინაიდან მან მთელი თავისი სიცოცხლე და მოღვაწეობა მიუძღვნა ქართველი ერის სულიერ ამაღლებას. ამ ღვაწლის დიდ შედეგებს და ნაყოფს დღეს ვხედავთ. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.
დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი. მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს დღეს შეუსრულდა 70 წელი. აი, ასეთი საიუბილეო თარიღია.
ძვირფასო მეუფეო, გილოცავთ ამ დღეს დიდი სიყვარულით. თქვენც ხართ დიდი მონაწილე ქართველი ერის ამ სულიერი ამაღლებისა, რომელსაც მიუძღვის მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამდენი წელია ასე მშვენივრად და ღირსეულად. თქვენ ხართ მის გვერდით, იყავით და ხართ მისი უახლოესი თანამოსაგრე. მრავალი წელია, ხელმძღვანელობთ მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებას და თქვენი ღვაწლით და ლოცვით მრავალი ადამიანი მოვიდა ეკლესიის წიაღში. თქვენი სულიერი შვილები დღეს მსახურობენ და მოღვაწეობენ წმინდა სინოდში, სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში, წინამძღვრები, სამღვდელოება, ბერმონაზვნობა. ასე რომ, ასეთი მასშტაბურია თქვენი ღვაწლიც და ამისთვის, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას გიხდით. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მომავალ კიდევ დიდ წარმატებებს ამ სულიერ სარბიელზე, თქვენს ეპარქიასთან ერთად.
დღეს ჩვენთან იმყოფება მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელსაც მომზადებული აქვს თავისი ეპარქიის სახელით შესანიშნავი საჩუქარი. ეს არის ვლადიმერის ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, რომელსაც იგი ახლა გადასცემს მიტროპოლიტ დანიელს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგმადლოთ სულიერი ამაღლება თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ”, – განაცხადა მეუფე შიომ.
