მეუფე შიო – ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს, ეროვნული თვითმყოფადობისაგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებასა და გათიშულობას

ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, განღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა, – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიმართვა წაიკითხა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო ქალაქ თბილისის მერო,
მთავრობის წევრებო,
პარლამენტის წევრებო,
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო,
გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს წმინდა საუფლო კვართის და სვეტიცხოვლის მადლი და ძალა; წმინდა საუფლო კვართის, სვეტიცხოვლის მადლით, წმინდა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანის, დედოფალ ნანას მეოხებით, ლოცვით, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, დალოცოს საქართველო, გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი ერი.
როგორც იცით, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს. გაისად, 2026 წელს, სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს აღნიშვნა ამ საიუბილეო დღეებისა.
დღეს მაქვს პატივი, წაგიკითხოთ ამ კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა ქართველი ერისადმი:
„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნე არის დასტური იმისა, რომ უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერი ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფილების გზას, ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას – ქრისტეს აზიარა.
სწორედ ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, განღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში ქართველი ერის სულიერი ისტორიაა; ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი გათავისება შედეგია უაღრესად მყარი საფუძვლისა, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერებისა და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქართლის მიწაზე უძველესი დროიდანვე გამობრწყინდნენ პირველი წმინდანები, რომელთა სიმრავლეც განსაკუთრებით ცხადყოფს საქართველოს ეკლესიის სულიერ სისავსეს. სწორედ ამ სისავსემ შესძინა ქართლს ის ჰაგიოლოგიური ხარისხი, რაც გულისხმობს მის წოდებას „წმინდანთა დედად“, როგორც ეს უწყებულია მერვე საუკუნის თხზულებაში „მარტვილობა აბო თბილელისა“.
წმინდა ილია მართალი ბრძანებს: „ახალმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალი ცხოვრებისათვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალ აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავისდღეში არ დაძველდება, სანამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნა… ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა – რჯულის დაცვად“.
მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ღვთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული შემწეობის შედეგად, საქართველომ არაერთხელ მიაღწია როგორც სარწმუნოებრივ აღორძინებას, ისე სახელმწიფოებრივ ძლევამოსილებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ერის ისტორიაში განსაკუთრებულ სიმძიმეთა ჟამს ქრისტიანული ღირებულებებისადმი თავდადების არნახული მაგალითები, ღვთისა და მამულის ერთგულებისათვის აღსრულებული მოწამებრივი ღვაწლი როგორც ცალკეული პიროვნებების, ისე მთელი ერისა, უტყუარი მოწმობაა ქართველი ერის სულიერი სიმტკიცისა იმ მარადიული ფასეულობების დაცვის საქმეში, რაც მაცხონებელი რწმენის საფუძველია.
სამწუხაროდ, ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს. ეროვნული თვითმყოფადობისაგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებასა და გათიშულობას.
წმინდა ილია მართლის სიტყვებით, „ერის პირქვე დამხობა… იქიდან დაიწყება, როდესაც იგი თავის ისტორიას ივიწყებს“.
სწორედ ამიტომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, არის ჩვენი ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაც.
ღვთის განგებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების – წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, რომელიც წელს, 2025 წლის 8 თებერვალს შესრულდა, და წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავი, რომელიც გასულ, 2024 წლის 26 სექტემბერს აღინიშნა.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების უმნიშვნელოვანეს თარიღს, ასევე, უმტკიცეს საფუძველს უქმნის ეპოქალური მნიშვნელობის ღვაწლი ისეთი უაღმატებულესი წმინდანებისა, რომელთა დამსახურებაც გარდამტეხი იყო საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში: საქართველოს ეკლესიის დამაარსებელი წმინდა ანდრია პირველწოდებული და, მასთან ერთად, ქართლში ქრისტიანობის გამავრცელებელი მოციქულები: წმინდა სვიმონ კანანელი, წმინდა ბართლომე და წმინდა მატათა. დედა წმინდა სიდონიასი და, მასთან ერთად, ქართლის მიწაზე უძველესი დროიდან გაბრწყინებული პირველმოწამენი; ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი ნინო; პირველი ქრისტიანი მეფე და დედოფალი, მოციქულთასწორი წმინდა მირიანი და წმინდა ნანა; წმინდა პირველმოწამე რაჟდენი; წმინდა მოწამე შუშანიკი; წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი; ღირსი იოანე ზედაზნელი და სხვა ასურელი ღირსნი მამანი; წმინდა მოწამე აბო ტფილელი; წმინდა გრიგოლ ხანცთელი და მისი თანამოღვაწენი; წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მოსაგრენი; წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები; წმინდა ეფრემ მცირე; წმინდა არსენ იყალთოელი; წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი; ასი ათასი ქართველი მოწამე; წმინდა ახალმოწამენი, კომუნისტური რეჟიმის დროს წამებულნი და ა.შ.
ამასთან ერთად, უდიდესი საუნჯეა ქართველი ერისა ღვთივმომადლებული სიწმინდენი, როგორიცაა: კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სამსჭვალი ჯვარცმული უფლისა, კვართი და სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, წმინდა ნინოს თმით შეკრული ჯვარი ვაზისა, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის საფლავი, ხალენი წინასწარმეტყველ ელიასი, ძელიცხოვლის წმინდა ნაწილი; უწმინდესი ხელთუქმნელი ხატები: ანჩისა, აწყურისა და სხვ.; უნიკალური ქართული ხელნაწერები, ფრესკები, მინიატიურები, ღვთივკურთხეული ეკლესია-მონასტრები.
ეს ღვაწლით გამორჩეული წმინდანები და მადლმოსილი სიწმინდეები, და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე, განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს – სულიერი სრულყოფისაკენ ერის დაუცხრომელ სწრაფვას და ღვთისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს.
ამ საღვთო თვისებების წყალობით, გამუდმებით ყოფნა-არყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო სულიერებისა და კულტურის საგანძურში.
შარშან, 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ.
მის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა.
…ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ;
…ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით… ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ… ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული“.
საიუბილეო თარიღების აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ამიტომ ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს.
იმისათვის, რომ საიუბილეო დღეებმა მოიცვას სრულიად საქართველო, ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში, საიუბილეო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გვმართებს სარწმუნოებრივ-ეროვნული ღირებულებებისა და თვითმყოფადობის მთელი სისავსით გაცნობიერება და მათზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა, უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოებისა.
შეგვეწიოს უფალი, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი გამთლიანებისა, ღირსეული აწმყოსი და ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა“.
ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მიმართვის წაკითხვის შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ ანგელოზის დღე მიულოცა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკს (ხაჩიძე):
„დღეს არის ასევე ჩვენი ძვირფასი მეუფის, მიტროპოლიტ ანანიას და მეუფე მელქისედეკის ანგელოზის დღე. გილოცავთ, ძვირფასო მეუფენო, დღევანდელი დღის მადლით, ღმერთმა მოგმადლოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა ჩვენი ეკლესიის და ერის საკეთილდღეოდ. ამინ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.