მეუფე იაკობი – რატომ ვერ წყვეტენ ომებს, დაფიქრებულხართ? ასეთი ამბებია და წარამარა საქართველოსთვის იცლიან, კიდევ რაღაც რეზოლუცია მიიღეს – ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაც იყვიროს

დღეს რატომ ვერ წყვეტენ ომებს, დაფიქრებულხართ? ასეთი ამბებია და წარამარა საქართველოსთვის იცლიან, ახლა რაღაც რეზოლუცია მიიღეს კიდევ, რა არის ამ რეზოლუციებში? ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას გვეუბნებიან მართალს და რას არა – ხალხი ჩაყარეს ციხეში, იმათმა ჩაყარეს, ვინც ამას გარედან ხელს უწყობს და იმ ხალხმა, რომლებიც აქ, გარეთ არის უმეტესობა, ზოგი კი ციხეში მოხვდა,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოეთი საქართველსოთან მიმართებით ვერაფერს იზამს.
„მე მჯერა, რომ ჩვენთან ახლა ვინც აღტყინებულია და უცხოეთის იმედად არის, პირდაპირ გეუბნებით, ვერაფერს ვერ იზამს უცხოეთი, შეგვიტევენ, შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას. ჩვენ ხომ არავის არ ვებრძვით, ერთადერთი ერი ვართ ახლა მსოფლიოში, რომელსაც არავისთვის ცუდი არ გვინდა, მტრებისთვისაც არ გვინდა ცუდი. იმაზე ვფიქრობთ, ფონს როგორ გავიდეთ.
მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ასე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარებს, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, სიყვარული არ აქვთ. რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, არ იციან, დაივიწყეს, ქრისტე დაივიწყეს მათ. ამიტომ, უსიყვარულობით ამ სისულელეებს ჩადიან. იღებენ რაღაცებს. ჩვენთან იდიოტი თუ არ ხარ, როგორ უნდა მოგეწონოს იმათი ნათქვამი. ცუდია ის, რაც მიიღეს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
გარდა ამისა, მეუფე იაკობის განცხადებით, ქვეყნის გარეთ ფიქრობენ, რომ საქართველოს რაღაც ნაბიჯები გადაადგმევინონ, მაგრამ „შიგნით ვერანაირ ბუნტს ვერ მოაწყობენ“.
„რა ქნეს – ხალხი ჩაყარეს ციხეში, იმათმა ჩაყარეს, ვინც გარედან ხელს უწყობს და იმ ხალხმა, რომლებიც აქ, გარეთ არის უმეტესობა და ზოგი ციხეში მოხვდა. ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაცა იყვიროს და მერე ხელები და რა არ აუწიონ. ამიტომ ჭკუით ვიყოთ. კანონებსაც ასეთს ხომ არ მიიღებდნენ სახელმწიფოში, ახლა კარგი, ისეთი ხალხია, რომ არ იყენებს ამ კანონებს, თორემ ვიღაც ისეთი რომ მოვიდეს, ამ კანონებით ხომ გადაუვლიან ერს?! და მერე უნდა იბრძოლო. მაგრამ ეს რომ არ გააკეთონ და ეს კანონი არ მიიღონ ქვეყანა ჩამოიშლება, სამწუხაროდ ისეა. გარეთ ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯები გადაგვადგმევინონ, მაგრამ შიგნით ვერანაირ ბუნტს ვერ მოაწყობენ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.