რამდენჯერმე ვთქვით, შევრიგდეთ, შევრიგდეთ და ხან „კუსავით გამოყო ფეხი“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა და ეკლესიაში არა შერიგებაო, მე გავაკეთებ შერიგებასო. რა შერიგებაც გააკეთა, ვხედავთ,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და ქართველ ერს ყველა წესიერად მოეპყროს.
„კეთილი ინებოს ყველამ და ჩვენს ერს წესიერად მოეპყროს. ჩვენც გვაქვს ურთიერთობებში შეცდომები სხვებთან და ჩვენც უნდა გამოვასწოროთ. პირველ რიგში, ერთმანეთთან იმიტომ, რომ ვერასდროს დიდი სიკეთე ვერ იქნება საქართველოში, თუ ერთმანეთთან ურთიერთობები ასე გავაგრძელეთ. ეს არ შეიძლება. რომელიც უფრო ჭკვიანია, ჭკვიანი თმობს ხოლმე. უჭკუოს ან სულელს რა უნდა მოჰკითხო? არავისზე ვამბობ უჭკუოს და სულელს, მაგრამ თუ ჩვენს სიტუაციას შევხედავთ, ღმერთზე კი არც გვაქვს სწორება. ხსნა ზოგს ევროკავშირში ჰგონია, ზოგს რუსეთში, ზოგს სად და ზოგს სად. ხსნა ერის თუ თითოეული პიროვნების არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან. ახალი ზღაპრები არ მოვიგონოთ და შევეცადოთ, წესიერი ცხოვრება გვქონდეს. ერთმანეთს ცხოვრებაში ხელი არ შევუშალოთ. რომელიც აპოლიტიკური ხალხია, რა დააშავა იმ ხალხმა, რატომ უნდა ჩავუკეტოთ ქუჩები? რა უნდა გვითხრას უცხოეთმა? კარგი, მთავრობას რაღაც უთხრას და ჩვენ რა უნდა გვითხრას? ჩვენ ხომ იქ ვდგავართ, სადაც საქართველოს კეთილდღეობა უნდა იყოს. ვერ ვერევით რა. რამდენჯერმე ვთქვით, შევრიგდეთ, შევრიგდეთ და ხან „კუსავით გამოყო ფეხი“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა და ეკლესიაში არა შერიგებაო, მე გავაკეთებ შერიგებასო. რა შერიგებაც გააკეთა, ვხედავთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი შეფასებით, დღეს „ძალიან არეულია მსოფლიო და ეს არევა ძალიან დიდი საშინელებაა“.
„ვითომ ღმერთზე ვლაპარაკობთ და დავიწყებული გვყავს, ომებია. ახლა ეს ბოლო ომი, განსაკუთრებით ისეთი ომია, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამ ომზე, ძალიან ბევრი განიცდის, თითქოს მანამდე ომი არ ყოფილიყო. აბა გადავხედოთ, ავღანეთს რამდენი წელი იყო იქ და რამდენი წელია ვერ დალაგდნენ. ასევე, აფრიკა ავიღოთ, ახლო აღმოსავლეთი. ამ ომმა შეგვაწუხა იმიტომ, რომ ევროპაშია. ბევრმა იგრძნო, რომ ძალიან ცუდი რამ შეიძლება დაგვემართოს და რა უნდა გავაკეთოთ? პირველად მოხდა, რომ ქართველი ერი გონივრულად მოიქცა, მხარე არ გახდა. მხარე როგორ უნდა გავმხდარიყავით, ამ საშინელ იმაში, ვისი მხარე უნდა იყო?ოკუპანტის მხარეს უნდა დადგე თუ, თუნდაც რომ იჩაგრება, მაგრამ იმის ხელისუფლება რომ გიტევს, ხომ ? ბევრჯერ ვთქვი და გავაფრთხილე. ვფიქრობდი, გონიერება ევროპაშიც ეყოფოდათ, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებასაც. დღეს სიტუაცია ისეა, საქართველოს ვინც ცუდს გაუკეთებს, თვალნათლივ ნახავს ღვთის საყვარელი ერის გამო, რა შეიძლება მოხდეს. ღმერთს ვთხოვ, ყველა ერი დაიფაროს და სიმშვიდე იყოს იმიტომ, რომ თავისი ერის ცუდად მოხსენიებას და მოპყრობას ღმერთი აღარ დაუშვებს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი განმარტებით, უნდა გავძლიერდეთ და ვეცადოთ ყველასთან ღია და კარგი ურთიერთობები გვქონდეს.
„ვინც ცუდად გვექცევა, იმ ქვეყნებს გადავხედოთ, ევროპას როგორი შიში აქვს. ცდილობენ უკრაინაში ომი შეწყდეს და ბევრს არ უნდა ომის დამთავრება. განა შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს, ასე ვკლათ და ვკლათ ადამიანებმა ერთმანეთი? ამ ომში მოგებული ორი მხარე, რომელიც ჩანს, რომ ვითომ ერთმანეთში ომობენ, გინდ ტერიტორიები მოიგონ და გინდ რა, მოგებული არცერთი იქნება. ერთსაც აქვს პრეტენზია, რომ ქრისტიანულია და მეორესაც. მართლმადიდებლები თუ ერთმანეთს დაერივნენ, რომელ ქრისტიანობაზე არის ლაპარაკი. რა მაგალითს ვაჩვენებთ მსოფლიოს?“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, „დღეს ქვეყანაში რომ მშვიდობაა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის და ქართველი ერის, მთავრობის, მხედრობის, პოზიცია-ოპოზიციის, ყველას ერთობლივი დამსახურებაა“.
„ბოლოს და ბოლოს, დაძაბულობა როდემდე უნდა გვქონდეს ერთმანეთთან? ვინ მოიგებს ამით? ჩვენ თუ ერთმანეთი დავასუსტეთ, „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით სხვა იბატონებს ჩვენზე. იმედით ვარ, ჩვენი ერი გააგრძელებს ისე ცხოვრებას, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დიდი შერიგების გარეშე ვერაფერი გაკეთდება. შერიგება რომ მოხდეს, პატიების გრძნობაც უნდა გვქონდეს“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
ის იმედოვნებს, რომ საქართველო ამერიკასთან ურთიერთობებს დაალაგებს.
„იმედიანად ვარ, რომ მალე აშშ-თან კარგად დალაგდება ურთიერთობები. ასევე, მტრობა არავისთან უნდა გვინდოდეს, მაგის ფუფუნება არც გვაქვს. თუ ვინმე გვიმტრობს, ღმერთი მიხედავს. ამას ყველა კარგად ხედავს. ჩვენ ჩვენსაზე ვიზრუნოთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.




