“მეუფე დიმიტრის ციხის კარი უნდა შეემტვრია?!” – ბათუმის ეპარქიაში დეკანოზ მამალაძეს პასუხობენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სა და ლაზეთის ეპარქიაში დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც მან მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს მისი მხარდაჭერის გამბედაობა არ აღმოაჩნდა.
როგორც ნეტგაზეთს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ილია ხინიკაძემ განუცხადა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმა ყველა იურიდიული ფორმა გამოიყენა იმისთვის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაეთავისუფლებინათ.
დეკანოზ ილია ხინიკაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რას უკავშირდება გიორგი მამალაძის გულისწყვეტა, რადგან მიტროპოლიტი დიმიტრი „ციხის კარს ვერ შეამტვრევდა“.
„თავდაპირველად მეუფე დიმიტრიმ ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძის საშუალებით პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართა ორგზის. შემდგომ ორგზის მიმართა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც მოითხოვა, რომ საპატრიარქოდან გაგზავნილიყო წერილი და შემდგომ შეიწყალებდა მას. დაზარალებულის მხრიდან ეს წერილი იქნა გაგზავნილი. შემდგომ პირადი კომუნიკაციის საშუალებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან იყო საუბარი თავად მეუფე დიმიტრის მხრიდან, რომ მამა გიორგი მამალაძე გაეთავისუფლებინათ.
როცა ამბობს, გვერდში არ დამიდგა მეუფე დიმიტრიო, რა უნდა გაეკეთებინა, ციხის კარი შეემტვრია თუ რაიმე დებოში მოეწყო?! რაც იყო იურიდიული ფორმა, ის იქნა გამოყენებული. ამიტომ აქ საუბარი ზედმეტია… თქვენთვის მომინდვია შეფასება ვის ეკუთვნის მადლობა, მეუფე დიმიტრის თუ დანარჩენ სხვას“, – განუცხადა ნეტგაზეთს დეკანოზმა ილია ხინიკაძემ.
გუშინ, 14 თებერვალს, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. მას 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ადვოკატების განცხადებით, დეკანოზს ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხო.
დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, მიტროპოლიტ დიმიტრის „არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა“, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დეკანოზთან ერთად „რკინის ქალამნებით“ მდგარიყო. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მადლობა გადაუხადა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ა.შ.
გიორგი მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.
პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომლის სულიერი შვილიც გიორგი მამალაძე იყო, მიიჩნევდა, რომ დეკანოზი გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს პროკურატურის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ