“…ხშირად მახსენდება ჩემი ბავშვობის წლებში წაკითხული ერთი ისტორია, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ჯერ კიდევ მაშინ, მე-7 კლასის მოსწავლეზე:
– მოვლენა ვითარდება ერთ ქალაქში (თუ ქვეყანაში), სადაც მარადიული სიბნელე იყო ჩამოწოლილი და ასეთ პირობებში იზრდებოდა თაობები. …და აი, გამოჩნდა მათ შორის ახალგაზრდა, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ სინათლე მოეტანა თავისი ხალხისთვის; გაუჩნდა მას თანამოაზრეთა გუნდი და ერთ დღესაც ქალაქმა დიდი ზარ-ზეიმით გააცილა ისინი სინათლის მოსაპოვებლად. გავიდა ხანი და როცა უკვე გადაწურული ჰქონდათ ყოველგვარი იმედი მათი დაბრუნებისა, ჰორიზონტზე გამოჩნდა ნათელი წერტილი, რომელიც სულ უფრო იზრდებოდა. მიხვდა ხალხი, რომ მათი შვილები ბრუნდებოდნენ და გამოვიდნენ მათთან შესაგებებლად; ქალაქი განათდა, გაბრწყინდა. ხალხი ზეიმს მიეცა, სუფრას შლიდა, აქებდნენ და ეფერებოდნენ ამ შეუპოვარ ახალგაზრდებს, რომელთაც ნანატრი სინათლე მოუტანეს თავის ხალხს.
გავიდა დღეები, ჩაცხრა სიხარული, გაიფანტა ემოციები და თანდათან აქა-იქ გაისმა უკმაყოფილო შეძახილები; სინათლემ გამოაჩინა სიბნელის ხანაში დაგროვილი სიბინძურე, უწესრიგობა, თავი იჩინა კონფლიქტებმა მოქალაქეთა შორის, ოჯახის წევრთა შორის; ერთმანეთს აბრალებდნენ ყველაფერს; კრიზისი დღითიდღე მძაფრდებოდა და მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ უხუცესებმა მოიწვიეს სახალხო კრება, რომელმაც განიხილა შექმნილი ვითარება, იმსჯელეს იმაზე, თუ რას უნდა გამოეწვია ეს კრიზისი, რა უნდა ყოფილიყო უთანხმოებათა მიზეზი და საბოლოოდ უხუცესებმა დაასკვნეს, რომ მთავარი პრობლემა იმ ახალგაზრდებშია, რომელთაც მოიპოვეს სინათლე; რომ სწორედ სინათლემ დაარღვია სიბნელეს შეგუებული საზოგადოების მშვიდი ყოფა.
უხუცესთა განაჩენი მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა ამ ახალგაზრდებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის: ქალაქის გულში დაახვავეს უამრავი ქვა, შეგროვდა მთელი მოსახლეობა და რიგ-რიგობით იწყეს ამ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ჩაქოლვა; როგორც კი უკანასკნელი ახალგაზრდა ჩაქოლეს, მის სიცოცხლესთან ერთად გაქრა ნათელი და ირგვლივ კვლავ ჩამოწვა უკუნი ბნელი, დამშვიდდა ხალხი, საზოგადოება კვლავ დაუბრუნდა ჩვეულ გარემოს და კვლავაც განაგრძეს ცხოვრება ბნელში.
ეს ისტორია, თუმც კი ალეგორიებით არის დატვირთული, მთელი ცხოვრება დამყვება და მახსენებს თავს!
[…]
უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართველის ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეშია, რაც ნათლად გამოჩნდა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების სახით. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები საფრთხის ქვეშაა. ეს იმ ტიპის განსაცდელია, რაც საფრთხეს უქმნის თვით ქრისტეს ეკლესიის ისტორიულ მისიასაც საქართველოში. ეკლესია, რაჟამს ერში დიდი განსაცდელი მოიწეოდა, ყოველთვის შეახსენებდა თავის სამწყსოს, რომ ერი განსაცდელშია. ასეთია ჩვენი სულიერი და გამოცდილებითი მემკვიდრეობა და ამას ვერ უგულებელვყოფთ!
ისტორიულად ცნობილია, რომ თვით ქრისტიან ერთა შორისაც კი (მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთში!) არცთუ იშვიათად წარმმართველი იყო ძალზე მავნე ამბიცია – უგულებელყოფილიყო მცირერიცხოვანი ერების უფლებები და დამოუკიდებელი არსებობის ყოველგვარი ფორმა. ამით სათავე მიეცა იმ ტიპის პოლიტიკურ ფსევდო-მაქსიმალიზმს, რომელიც, თავისი არსით, თავად ქრისტიანობის ბუნებას ეწინააღმდეგება. ეს არის ერთგვარი „პოლიტიკური რადიკალიზმი“, რომელიც დასაბამი გახდა არაერთი ფანატიკურ-ერეტიკული ხედვისა, რამაც თავად ქრისტიანულ რწმენას დიდი ზიანი მიაყენა. არადა, მართლმადიდებლური რწმენა ქრისტეს ეკლესიაში ერთმანეთთან აერთიანებს თავისუფლების სიყვარულს და სხვათა აზრის პატივისცემას, რაც, სხვათა შორის, ჯანსაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საფუძველთა საფუძველიცაა.
აქვე, ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ ისტორიული გამოცდილების გახსენებაც არ გვაწყენდა, თუ რაოდენ სახიფათოა რელიგიური თემატიკის მისაკუთრება და მასზე ე.წ. ექსკლუზივის გამოცხადება ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ; ასეთ შემთხვევაში, თუკი ეს მოხდება, სულ რაღაც ერთი ნაბიჯიღა რჩება, რომ საზოგადოებას დაუდგინონ ყალბი რელიგიურობის კრიტერიუმები, რაც ყოველგვარ დიქტატურაზე სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. საერთოდ, გასათვალისწინებელია, რომ რელიგიური სივრცის პოლიტიკურ ოკუპირებასა და ამავე პათოსით საზოგადოებისთვის ფსევდო-მორალური ვალდებულებების დადგენას თვით ყველაზე საშიშ დიქტატურაზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისა და თვით ეკლესიისთვისაც კი.
ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას უდგას, ცნებათა და ღირებულებათა სისტემების იმგვარი აღრევაა, რომელიც ისტორიულად არსებული ქართული ცნობიერების მთავარ ხაზს ეწინააღმდეგება და ერთგვარ მსოფლმხედველობრივ ქაოსს ქმნის, რაც მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხმას წყალს. ამგვარი აღრევის ნათელი მაგალითია მტრისა და მოყვრის ცნებათა იმგვარი აღრევა, რომელიც საზოგადოების დეზორიენტაციას ემსახურება და ძირს უთხრის მის საყრდენ ღირებულებათა სისტემას. ამგვარი მყიფე ღირებულებითი სისტემა კი ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მისიას ეჭვქვეშ აყენებს და მრავალჭირნახული, მრავალი საფრთხის განმცდელი/გამომცდელი ქართველი ერის მომავალს ერთგვარად საყრდენს აცლის კიდეც. ამავე კონტექსტში არ შეგვიძლია ყურადღება არ გავამახვილოთ იმ ფაქტზეც, რომ:
მართლმადიდებელი ქრისტიანული რწმენა მისი ერთგული მიმდევრების სულიერ ღვაწლსა და მემკვიდრეობაზე დგას. უფრო მეტიც, საქართველოში ისტორიულად არსებული მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ქრისტიანობისთვის და სამშობლოსთვის წამებულთა მოწამეობრივი ცხოვრების წესია, რომელსაც განადიდებს საქართველოს სამოციქულო ეკლესია. აქედან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია სამშობლოსა და ქრისტიანობისთვის თავდადებული მამულიშვილების ღვაწლის დაკნინება/დამცრობა, მათი გმირული ცხოვრების გაფერმკრთალების ყოველგვარი მცდელობა, რაც საზოგადოების დაბნეულობას და მისი დიდი ნაწილის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს. სამშობლოსთვის თავდადებულ მამულიშვილთა მოწამეობრივი ცხოვრება და ღვაწლი ჩვენი ერისა და დედაეკლესიის დიდი სულიერი მემკვიდრეობაა, რომელსაც ჩვენი ეკლესია სავსებით სამართლიანად განადიდებს და ამიტომაცაა, რომ მათ შორის მრავალნი წმინდანად არიან აღიარებულნი და ზეციურ მოდასეთა შორის ჩვენს სულიერ ფარს ქმნიან…
[…]
ჩვენ წინ გველის უამრავი საკეთებელი, დიდი და მცირე, რაც ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას განსაზღვრავს დღეს და სამომავლოდაც; ისიც უნდა ითქვას, რომ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თანახმად, „სათნოება ყოველთვის გარშემორტყმულია უბედურებებით, როგორც ვარდი – მჩხვლეტავი ეკლებით“. ასე რომ, განსაცდელებმა არ უნდა შეგვაშინოს, მხნედ უნდა ვიყოთ!…” | ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლეში