მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის „ბადა ქონსთრაქშენს“ ვადები უხანგრძლივდება, ღირებულება კი ერთ მილიონ ლარზე მეტით ეზრდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ დადებული ხელშეკრულება უხანგრძლივდება.
ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი. ცნობისთვის, იქამდე ექსპერტიზების, ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის განსაზღვრული იყო 2025 წლის 1-ელი დეკემბერი.
კომპანია ვადების გახანგრძლივებასთან ერთად, ითხოვს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით ზრდასაც. იქამდე თუ „ბადა ქონსთრაქშენს“ რეაბილიტაცია 13 398 612 ლარად უნდა შეესრულებინა, განახლებული ხელშეკრულებით 14 738 473 ლარად შეასრულებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შესაბამისი ცვლილებების მოთხოვნით უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 2022 წლის გამარტივებულ შესყიდვაში ცვლილებების განხორციელების შესახებ განაცხადი განხილვის ეტაპზეა.
კომპანია ღირებულების და ვადების გახანგრძლივების მიზეზად ასახელებს შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომლის მიხედვითაც „არსებითად შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოების ტექნოლოგიური ხასიათი და სირთულე“.
კერძოდ, „ბადა ქონსთრაქშენის“ განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება დახრილი გვირაბის, დიდი დარბაზისა და მცირე ვესტიბიულის აღდგენის სამუშაოების დასრულებიდან 81 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. დასახელებული მიზეზის გათვალისწინებით, კომპანია მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის პერიოდად 2025 წლის 17 ნოემბერს ასახელებს.
კერძოდ, კომპანია წერილში უთითებს: „დახრილი გვირაბის, დიდი დარბაზის და მცირე ვესტიბიულის მუდმივი სამაგრისა და დახრილი გვირაბის თუჯის ტუბინგის კონსტრუქციების საექსპლუატაციო მახასიათებლების აღდგენის დასრულებამდე ტექნიკურად/ობიექტურად შეუძლებელი გახდა წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. დღევანდელი მდგომარეობით სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, საჭიროა მუდმივი სამაგრისა და დახრილი გვირაბის თუჯის ტუბინგის კონსტრუქციების საექსპლუატაციო მახასიათებლის აღდგენის დასრულებიდან 81 კალენდარული დღე, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 2025 წლის 17 ნოემბერს“.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლების წინ უნდა დასრულებულიყო. თავდაპირველად, სამუშაოები სადგურზე 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოებს კომპანია „ყვარელმშენი“ ახორციელებდა“. სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2018 წლის იანვარში, მეტრო „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა.
მოგვიანებით ადგილზე რეაბილიტაციის პროცესის განხორციელება შპს „მამისონს“ დაევალა, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება 2022 წელს შეწყდა. იმავე წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს „ბადა ქონსთრაქშენთან“ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა.
„ბადა ქონსთრაქშენს“ სამუშაოები 18 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა. თუმცა, 2024 წლის მარტში თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ საჭირო გახდა დამატებითი კვლევებისა ჩატარება. უფრო კონკრეტულად, ჭერის გახსნის და ძველი დაფარვის მოხსნის შემდეგ, მეტროსადგურის თაღს ექსპერტიზა უტარდებოდა.
ცნობისთვის, 2024 წლის 11 ოქტომბერს თბილისის მერმა მაც განაცხადა, რომ „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაციის ვადებთან დაკავშირებით „გარკვეული ჩამორჩენაა“. აქვე კალაძე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ვადებზე ჩამორჩენისა, მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია „ძალიან მალე დასრულდებოდა“, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება.
უკვე 2025 წლის 30 ივნისს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება“.
bpn.ge