თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს 111 ვაგონის შესყიდვის ტენდერი დასრულდა და გამარჯვებულ კომპანია “ჯი-თი ჯგუფთან” ხელშეკრულება დღეს, 10 ივლისს გაფორმდება.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამარჯვებული კომპანია მერიას ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო მწარმოებლის, CRRC-ის ვაგონებს მიაწვდის. პროექტი დაფინანსებულია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის მიერ.
კახა კალაძის განცხადებით, მეტროს ყველა ვაგონს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო განახლების სამუშაოები, მათი საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების მიზნით, მაგრამ ზოგს ეს ვადები ეწურება და მათი გამოყენება უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვეღარ მოხდება.
მეტროს ვაგონების ტენდერში კომპანია “ჯი-თი ჯგუფმა” წინადადება შარშან წლის ბოლოს წარადგინა და მას თბილისის მერია 2025 წლის თებერვლიდან სწავლობდა. თავდაპირველად სატენდერო პირობების მიხედვით, მერია 97 ვაგონის 393 მილიონ ლარად შეძენას აპირებდა, თუმცა, როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს მერმა თქვა, შეიძენენ 111 ვაგონს. ამ ეტაპზე უცნობია კონტრაქტის ზუსტი ღირებულება.
კალაძის თქმით, ჩინური კომპანია CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას მეტროს ვაგონების მიწოდების გამოცდილება აქვს არამხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქალაქისთვის:
“მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და დიდი კომპანიაა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში აქვს მიწოდებული მეტროს ვაგონები. მათ შორის, ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ჩიკაგო, ბოსტონი, მეხიკო, მელბურნი, სინგაპური, სან პაულო. ასევე, ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის პორტუგალია, სერბეთი, უნგრეთი. უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, ისინი საქართველოშიც უკვე მოგვაწვდიან ახალ ვაგონებს, რითაც ჩავანაცვლებთ ძველ, ამორტიზებულ ვაგონებს“, – თქვა კალაძემ.
ახალი, ჩინური წარმოების ვაგონების მერიისთვის მიწოდება 2026 წლიდან უნდა დაიწყოს და 5 წელს გაგრძელდეს.
კალაძის თანახმად, მიიღებენ 4-ვაგონიან 14 შემადგენლობას. 5 შემადგენლობა კი 5-ვაგონიანი იქნება, მსგავსი 5-ვაგონიანი შემადგენლობა იმოძრავებს ვარკეთილ-ახმეტელის თეატრის ხაზზე. თითო ვაგონის სიგრძე 18.5-დან 19.5 მეტრამდე უნდა იყოს გადაბმის ჩათვლით; მატარებლების ვაგონები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება გამჭოლი გასასვლელით, შესაბამისად ერთი ვაგონიდან მეორეში მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. შემადგენლობაში მაქსიმუმ 280 მგზავრი უნდა ეტეოდეს.
თბილისის მერმა ახალი ვაგონების შემოყვანის დაპირება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, 2019 წლის 15 ოქტომბერს გასცა. 2024 წლის 18 ნოემბერს, მერიაში განაცხადეს, რომ თბილისის მეტროს ახალი შემადგენლობები ეყოლება ორი წლის შემდეგ, 2026 წლის ბოლოს.
2021 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც თბილისს მეტროპოლიტენის 40 ახალი ვაგონი უნდა შეესყიდა 50 მილიონ ევროდ, 2023 წლის 19 მაისიდან სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა. რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებაც თბილისის მერიამ„მეტროვაგონმაშის“ სანქცირების შემდეგ მიიღო.
ფორუმი
