“მეტოქეები მარადონასაც ბევრს ურტყამდნენ, თუმცა არგენტინელს ჩემპიონის ხასიათი ჰქონდა, იცით, “კვარას” რა აწუხებს?” – La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა ხვიჩაზე ისაუბრა
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა მიმო მალფიტანომ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მალფიტანოს თქმით, ქართველს ჯერჯერობით ჩემპიონის მენტალიტეტი არ აქვს.
“ამბობენ, რომ “კვარას” მეტოქეები ყოველთვის ბევრს ურტყამენ, მარადონას შემთხვევაშიც იგივე ხდებოდა, თუმც არგენტინელი მაშინვე დგებოდა და თამაშს აგრძელებდა, ქართველი კი მოედანზე წევს და ტკივილს ებრძვის. ხვიჩამ ყველას დაგვანახა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს, რომ ნამდვილი ჩემპიონი გახდეს, “კვარას” ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.
ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რაც კვარაცხელიას აწუხებს. ეს ბიჭი
უკვე მეორე წელია კლუბისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს ელოდება. “ნაპოლი” სხვადასხვა წინადადებას უკეთებს, თუმცა ფეხბურთელი პირობებს არ თანხმდება. შედეგად ჩვენ მოედანზე “კვარას” საუკეთესო თვისებებს ხშირად ვეღარ ვხედავთ. არ ვამბობ, რომ ცუდად განზრახ თამაშობს. წარმოიდგინეთ ამ მომენტისთვის მას შეეძლო, რომ პსჟ-ში 10 მილიონი ევრო გამოემუშავებინა, “ნაპოლიში” კი 1.2 მილიონ ევროს იღებს. რა თქმა უნდა, მოთამაშისთვის ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია.
რა ხდებოდა გასულ ზაფხულს? “კვარას” წასვლა სურდა, მაგრამ ამას პირდაპირ არ ამბობდა. ახლა კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებას მოთამაშესთან, რომელსაც წასვლა და ახალი გამოცდილების მიღება სურდა”, – განაცხადა მალფიტანომ.