50 წლის წინ, გაუქმებულ მეტეხის ტაძარში თეატრი „მეტეხი“ გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელი და დამაარსებელი, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გახლდათ. თეატრმა 50 წლის განმავლობაში დიდი და საინტერესო გზა განვლო. დღეს ის რუსთაველის #19-ში მდებარეობს და სანდროს შვილი, მიხეილ მრევლიშვილი ხელმძღვანელობს.
ისტორია კი ასე დაიწყო. მეტეხის მიტოვებულ ტაძარში განთავსებული იყო ელგუჯა ამაშუკელის სახელოსნო, რომელმაც ახალგაზრდებს დაუთმო ასპარეზი. მსახიობებმა საკუთარი ხელით შექმნეს შესაფერისი გარემო ისე, რომ ტაძრის არქიტექტურა არ დაზიანებულა. ოთხ სვეტს შორის განთავსდა 36 კვ. მ. სცენა, რომელსაც სამი მხრიდან მაყურებელი აკვირდებოდა; შესაბამისად, დარბაზსა და სცენას შორის ტრადიციული ზღვარი წაიშალა და მაქსიმალურად დაახლოვდა. ეს ხელს უწყობდა მაყურებლის მიერ მოქმედების აღქმას, მსახიობის ოსტატობის გამოვლენასა და მათ შორის უშუალო კონტაქტის დამყარებას. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული ექსპერიმენტული თეატრი-სტუდია, რომელსაც მეტეხის თეატრი ეწოდა.
ამჟამად თეატრს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისი მუნიციპალური თეატრი ეწოდება და მიხეილ მრევლიშვილის ხელმძღვანელობით ახალ სეზონზე მაყურებელს ორ პრემიერას სთავაზობს.
– ბატონო მიხეილ, რას ნიშნავს თქვენთვის თეატრი, რომელიც მამამ შექმნა?
