მესტიაში ჯავშნები უქმდება, კონკრეტულად არავინ ამბობს, თუმცა ჩვენი მოკვლევით, მიზეზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა – სასტუმრო „ბანგურიანი“

მესტიაში ჯავშნები უქმდება, კონკრეტულად არავინ ამბობს, თუმცა ჩვენი მოკვლევით, მიზეზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა – სასტუმრო „ბანგურიანი“
ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ტურისტული ჯავშნების დიდი ნაწილი იანვარშიც უქმდება. გარდა ჯავშნების სიმცირისა პრობლემას ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაუმართავი ინფრასტრუქტურაც ქმნის.
სასტუმრო „ბანგურიანის“ გაყიდვების მენეჯერის თქმით, დენისა და წყლის პრობლემა მესტიაშიც აქვთ, თუმცა ისინი კერძო ენერგიას მოიხმარენ. როგორც ანუკი ყიფიანი „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გვიყვება, წელს ჯავშნების უპრეცედენტო რაოდენობა გაუქმდა. სასტუმრომ მოკვლევაც ჩაატარა, რის შედეგადაც მიზეზად ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური გარემო დასახელდა.
„მესტიაში, დიდი თოვლის დროს სადენები ზიანდება და წყალიც იყინება, ამიტომ, წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემა, ზოგადად არის, თუმცა ჩვენს სასტუმროში კერძო ინფრასტრუქტურას მოვიხმართ.
ჯავშნები საკმაოდ შემცირებულია. ვფიქრობ, მიზეზი ქვეყანაში არსებული სიტუაციაა. ზამთარი მესტიაში აქტიური სეზონი არ არის, უფრო გაზაფხული-ზაფხული, თუმცა წინა წლებთან შედარებით ახლა ბევრი ჯავშანი უქმდება, booking-იდანაც და ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც. უფრო ხშირად ჯავშანს უცხოელი, „ბუქინგის“ მომხმარებლები აუქმებენ. შენიშვნის სახით კონკრეტულად არავინ ამბობს, რა მიზეზით აუქმებენ ჯავშნებს, თუმცა როგორც მოკვლევის შედეგებმა აჩვენა, მიზეზი ქვეყანაში არსებული არეულობაა.
სტუმრები ყველა მხრიდან გვყავს, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, ასევე საკმაოდ ბევრია არაბი ვიზიტორები, რომ ვთქვათ, რომ რომელიმე ერთ სექტორს ვემსახურებით, ასე არ არის”,- ამბობს „ბანგურიანის“ გაყიდვების მენეჯერი, ანუკი ყიფიანი.