მესტიაში „ხუმფრერი“ ჰესების მშენებლობა იგეგმება

მესტიის მუნიციპალიტეტში „ხუმფრერი 1“ და „ხუმფრერი 2“ ჰესების კასკადის მშენებლობა იგეგმება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ხუმპრერი ჰესზე“ მშენებლობა-ექსპლუატაციისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკვე გასცა.
უფრო კონკრეტულად, სოფელ დიზის და შდიხირის მიმდებარედ მდ. ხუმფრერზე, დაგეგმილია ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე, სადერივაციო-სადაწნეო ტიპის ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია. „ხუმფრერი 1“-ის დადგმული სიმძლავრე 6.76 მგვტ, ხოლო „ხუმფრერი 2“-ის – 25.94 მგვტ. იქნება.
„ჰესების კასკადის შემადგენლობაში შედის შემდეგი ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტები: სათავე ნაგებობა მდ. ხუმფრერზე; „ხუმფრერი 1“ ჰესის სადაწნეო მილსადენი; „ხუმფრერი 1“ ჰესის შენობა; სადაწნეო აუზი; „ხუმფრერი 2“ ჰესის სადერივაციო მილსადენი; „ხუმფრერი 2“ ჰესის სატრანსპორტო-სადერივაციო გვირაბი; „ხუმფრერი 2“ ჰესის გამთანაბრებელი რეზერვუარი; „ხუმფრერი 2“ ჰესის სატურბინო (სადაწნეო) მილსადენი; „ხუმფრერი 2“ ჰესის შენობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, „ხუმფრერი 1“ ჰესის სათავე ნაგებობა 4.2 კმ-ზე მეტი მანძილით არის დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან. „ხუმფრერი 2“ ჰესის შენობიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს 550 მ-ის დაშორებით.
შპს „ხუმპრერი ჰესზე“ საჯარო რეესტრში 2021 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ირაკლი ბეჟუაშვილია, ისვე ფლობს წილების 5%-ს. კიდევ 5% არჩილ მამათელაშვილის საკუთრებაშია, წილების უდიდესი ნაწილს – 90%-ს კი შპს „ფერი“ ფლობს.
თავის მხრივ, შპს „ფერი“ 1991 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობის სფეროა ჰესების, გვირაბების, წყალმომარაგების და წყალგაყვანილობის სისტემების, გადამცემი ანძების, საბაგიროების და სხვა არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა.
ამასთანავე, საქმიანობის მცირე ნაწილს წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ჰესის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია ფლობდა 2 ჰესს. „ფერის“ აშენებულია „დარიალი ჰესიც“.
რაც შეეხება კომპანიის მეწილეებს, გენერალური დირექტორის პოზიციას იოსებ მჭედლიშვილი იკავებს. მჭედლიშვილის საკუთრებაშია წილების 96%, ხოლო დარჩენილი 4%-ს კახაბერ შევარდნაძეს ეკუთვნის.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „ფერის“ შვილობილ კომპანიათა შორის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია ჰესებთან, თუმცა, ამ კომპანიების უდიდეს ნაწილს საქმიანობა არ დაუწყია. უფრო კონკრეტულად, „ფერის“ შვილობილი კომპანიებია:
· შპს „ფერი ვაინ“;
· შპს „ხადორი 2 ჰესი“;
· შპს „ხუმფრერი ჰესი“;
· შპს „მემული ჰესი“;
· შპს „ჭალა ჰესი“;
· შპს „ხუმპრერი ჰესი“;
· სს ვინდ ფაუერი (ყოფილი სს ონი კასკადი)“;
· სს „ენერგიონი“;
· შპს „სინთე“;
· შპს „სტეპ ენერჯი“;
· შპს „ველის ქარი“;
· შპს „რენეს ქარი“;
· შპს „ბებნისის ქარი“
· შპს „ქედის ქარი“;
· შპს „ჯეოკრაფტი“;
· შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური“;
· შპს „სინთე 2“;
· შპს „ქარის პარკი ფარავანი“;
· შპს „რუისის ქარის ელექტროსადგური“.
2023 წლის ფინანსური ანგარიშს მიხედვით, ამ კომპანიებიდან მოქმედია შპს „ფერი ვაინ“, „ხადორი 2 ჰესი“ და „ვინდ ფაუერი“.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“.