„მესტიაში უნდა განისაზღვროს, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ენერგიის რაოდენობა თითოეულ მოსახლეზე და მხოლოდ ეს ხარჯები დაფაროს სახელმწიფომ“ – ენერგეტიკოსი

„მესტიაში უნდა განისაზღვროს, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ენერგიის რაოდენობა თითოეულ მოსახლეზე და მხოლოდ ეს ხარჯები დაფაროს სახელმწიფომ“ – ენერგეტიკოსი
მესტიაში, 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდი დამყარდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის დანახარჯებმა 124,692,913 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების მთლიანი მოხმარების 2,6%, ხოლო საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 1%-ია.
2024 წლის დეკემბერში კი მესტიამ იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც კომპანიის მომსახურების ჩვიდმეტივე ცენტრმა ერთად. მესტიის მუნიციპალიტეტს, მაღალმთიანის სტატუსიდან გამომდინარე, დენი უფასოდ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლება წლებია, მაინერებს ებრძვის, თუმცა უშედეგოდ. რაიონში კომერციული და პირადი მოხმარება არ იმიჯნება, სწორედ ამიტომ, არც მაინინგის აპარატებია სანქცირებული და ისინიც უფასოდ იღებენ დენს, როგორც მესტიის ნებისმიერი ოჯახი.
გადაჭარბებული ენერგიის გამო, მაღალმთიან მუნიციპალიტეტს დენი ხშირად ეთიშება. ამასთან, ქალაქში, რომლის ტურისტული ობიექტების გათბობის ძირითადი წყაროც სწორედ ელექტროენერგიაა, დენის მომარაგების შეწყვეტა კრიტიკულ შედეგს მოიტანს.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე თვლის, რომ მოხმარების მუდმივი ზრდა სწორედ არასანქცირებულ მაინინგს უკავშირდება.
,,არ ვიცი, მესტიაში „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რამე შემოწმება ჩაატარა თუ არა. იმის თქმა კი შემიძლია, რომ 2024 წელი ძალიან დიდი დანახარჯებით დასრულდა, თუ არ ვცდები, 120 კვტ.სთ აქვს მოხმარება, წინა წლებთან შედარებით არავითარი შემცირება არ ჩანს.
მესტიის მუნიციპალიტეტზე გაკეთებულია ანალიზი: „ენერგო პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ საქართველოს ბევრი რეგიონი ერთად არ მოიხმარს იმდენ ენერგიას, რამდენსაც მესტია. საუბარია, არასანქცირებულ მოხმარებაზე. იერიში მიაქვთ, რომ იქ მაინერების გარკვეული რაოდენობაა, რომელიც ელ. ენერგიის მოხმარებას კატასტროფულად ზრდის, რის გამოც პრობლემა ექმნება ტექნიკური მომსახურების ცენტრებს. როგორც აღვნიშნე, მესტიაში მომუშავე დანადგარების დიდი უმრავლესობა არ არის სანქცირებული და შესაბამისად, მოხმარებაც სწორედ იმიტომ იზრდება, რომ თანხებს არ იხდიან“,- აღნიშნა არაბიძემ.
ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ პრობლემა არა მაინინგი, არამედ გამრიცხველიანების არარსებობაა. მესტიაში უნდა დაწესდეს მიჯნა, რომლის მიღმაც აბონენტს თანხების გადახდა მოუწევს.
„ყაზბეგის რაიონშიც იყო მსგავსი პრობლემა, რომელიც ბუნებრივ გაზს უკავშირდებოდა. იქაც არ ეკუთვნოდათ ამ რაოდენობის გაზის უფასოდ მოხმარება და არც მესტიას ეკუთვნის. პრობლემა იმით მოგვარდა, რომ ყაზბეგის მოსახლეობას განესაზღვრა, გაზის ის რაოდენობა, რომელიც მათი საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის საჭირო, ეს ზამთარში გათბობასაც მოიცავს.
ითქვა ძალიან მკაცრად, რომ ამ რაოდენობის გაზს მოსახლეობა მიიღებს უფასოდ, რის საფასურსაც სახელმწიფო გადაიხდის. მესტიაშიც ასე უნდა მოხდეს, ზუსტად უნდა განისაზღვროს, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ენერგიის რაოდენობა თითოეულ მოსახლეზე და მხოლოდ ეს ხარჯები დაფაროს სახელმწიფომ. „ენერგო პრო“ ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს გამრიცხველიანებას, უნდა გაიმიჯნოს საყოფაცხოვრებო და კომერციული მომსახურება. გინდა ელ. ენერგიის მოხმარება და კომერცია აწარმოო? გადაიხადე და მოიხმარე,- აი, ეს შეამცირებს და დაარეგულირებს პრობლემას“,- აღნიშნა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.