თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის არჩამოსვლას ქვეყნის შიგნით და გარეთ “ბოროტ ძალებს” აბრალებს და ამბობს, რომ ესმის საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელსაც შეიძლება არ უნდოდეს “სიბინძურეში გარევა”. 9 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ეუთო/ოდირი, რომელიც საქართველომ დაკვირვებისთვის გასულ კვირას მიიწვია, უარს ამბობს 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისიის გამოგზავნაზე – ამ არჩევნებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
“სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ. თან იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნასა და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. გადაუარეს, ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს ებრძვიან. მესმის ამ ორგანიზაციის – თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაეხვიონ“, – უთხრა 10 სექტემბერს კალაძემ ჟურნალისტებს.
დღესვე, ეუთო/ოდირის უარის მიღების შემდეგ, ბრიფინგი გამართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა, რომელმაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გადაწყვეტილებას “სამწუხარო” უწოდა.
„იმისთვის, რომ ჯანსაღი სარჩევნო გარემო არსებობდეს, უნდა იყოს დაკვირვება. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამის ვადებში რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილ დოკუმენტაციას შემოიტანს. სამწუხაროა ის, რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მხრიდან დაკვირვება, თუმცა შეთავაზება 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების იყო.
ამ დროისთვის არის უკვე დარეგისტრირებული 16 საერთაშორისო ორგანიზაცია და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ვადები არსებობს. ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ახლაც არის მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ პროცესში”, – თქვა ნათია იოსელიანმა.
ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირებული არიან შემდეგი ორგანიზაციები:
· „იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია“ (IEC) (ორი დამკვირვებლით);
· ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო (ორი დამკვირვებლით);
· „მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“ (ორი დამკვირვებლით);
· „თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო (ორი დამკვირვებლით);
· „ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო“ (NEBE) (ორი დამკვირვებლით);
· „მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია“ (სამი დამკვირვებლით);
· “ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ერთი დამკვირვებლით);
· „სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია“ (ერთი დამკვირვებლით);
· „ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ორი დამკვირვებლით);
· „ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია“ (ორი დამკვირვებლით);
· „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია”;
· „ფიჯის საარჩევნო ოფისი (FEO)”;
· „უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი”;
· „სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი”;
· „სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია”.
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან კი ცნობილია, რომ არჩევნებს დააკვირდებიან:
· „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“;
· „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი;
· „ასოციაცია თავისუფალი თაობა“;
· „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“;
· „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“;
· „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“;
· „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“;
· „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი“;
· „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“.
დამკვირვებელთა ეს სია საბოლოო არ არის – საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე შეუძლიათ, ადგილობრივებს 24 სექტემბრამდე.
