“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, დღეს, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარებმა ოფიციალურად აიღეს საზღვრის 1,9 კილომეტრიანი მონაკვეთის კონტროლი სოფელ ბერქაბერთან და 4,9 კილომეტრიანი მონაკვეთის ტავუშის რაიონის სოფლებს ვოსკეპარსა და ბაგანისთან.
“2024 წლის 24 ივლისამდე სახელმწიფო საზღვრის 5,8 კილომეტრიანი მონაკვეთის დაცვა სოფელ კირანცთან განხორციელდება გარდამავალი სქემით” – ნათქვამიაუწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დღეიდან საზღვრის მოპირდაპირე მონაკვეთების დაცვას აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფები განახორციელებენ.
“APA-ს” ცნობით, აზერბაიჯანის ვიცე პრემიერ-მინისტრის შაჰინ მუსტაფაევას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღაზახის რეგიონის სოფლების ბაგანის-აირუმის, აშაგი ასკიფარას (სომხური სახელწოდება – ქვედა ვოსკეპარი), ხეირიმლისა და გიზილგაჯილის ტერიტორიები, დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კონტროლის ქვეშ მოექცა.
“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 19 მაისს, პოლიციამ ტავუშის რაიონის სოფელ კირანცის გზა გადაკეტა და ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს იქ შესვლის უფლება არ მისცა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს კი, პასპორტებს უმოწმებდნენ.
22 მაისს სოფელ კირანცის გზა გაიხსნა.
სოფელში სამი სასაზღვრო სვეტი დამონტაჟდა, საზღვრის მონიშვნის შემდეგ კი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ორი სახლი, სამი მაღაზია და ავტოსამრეცხაო აღმოჩნდა. სოფლის უხუცესის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია აზერბაიჯანელი სამხედროების მჭიდრო განლაგებით.
19 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ეს საკითხი ხელს უშლის ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას.
23 აპრილს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს პირველ შეთანხმებას საზღვრის დადგენაზე ბოლოდროინდელი სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ, რასაც სომხეთში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
23 აპრილიდან ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა.
პროტესტის სათავეშია სასულიერო პირი, ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტიანი და მხარს უჭერს სომხური ოპოზიცია. ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები ერევანში ტავუშიდან 5-დღიანი მარშის შემდეგ ჩავიდნენ.
9 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ბაგრატ გალსტანიანმა მომიტინგეებს გაფიცვისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.