„მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა“… – რატომ აანთო ასანთი ჩარლი ჩაპლინმა, აკაკი ხორავას „ოტელოს“ მონოლოგზე

„როცა აკაკი ხორავას ცხედარი, რუსთაველის თეატრიდან მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ, ეროსი მანჯგალაძის გამოსათხოვარი სიტყვა, ასე დასრულდა: „მშვიდობით ანზორ, მშვიდობით ოძელაშვილო, მშვიდობით კარლ მოორ, მშვიდობით დიდო ხელმწიფევ, მშვიდობით ოიდიპოს, მშვიდობით გმირო ოტელო, მშვიდობით, პირველო არტისტო!“…

1972 წლის 23 ივნისს, გარდაიცვალა უდიდესი ქართველი მსახიობი და პედაგოგი, ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ-ის სახალხო არტისტი აკაკი ხორავა.

ლეგენდარული მსახიობი, 1895 წლის 17(29) აპრილს, სოფ. ოჩხომურში (ჩხოროწყუს რ-ნი) დაიბადა.

იშვიათი გარეგნობის არტისტი, მგზნებარე ტემპერამენტით, მდიდარი ხმით, განცდის სიმართლით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასახვის ოსტატობით და მასშტაბურობით გამოირჩეოდა.

რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესმა ოსტატმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა.

საუკეთესო როლებიდან აღსანიშნავია – იოქანაანი (ოსკარ უაილდის „სალომე“), ანდუყაფარი ( გიორგი ერისთავის „გაყრა“), უსახელო ( ერნსტ ტოლერის „კაცი-მასა“), ლაერტი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“),

არგიშდი (შალვა დადიანის „თეთნულდი“), კარლ მოორი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), არსენა ( სანდრო შანშიაშვილის „არსენა“), პედრო ( გიორგი მდივნის „ალკაზარი“), მამლუქი“ (ალი-ბეგი) ოტელო ( უილიამ შექსპირის„ოტელო“), ივანე მრისხანე (ვლადიმერ სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სირანო (ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ტარიელი (ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ბორის გოდუნოვი (ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“) და სხვა.

1924 წლიდან იღებდნენ კინოში. როლებში: გიორგი სააკაძე („გიორგი სააკაძე“, 1942-1943), სკანდერბეგი („ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი“, 1953), გიჟუა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, 1965) და სხვა.

ალბანურ-საბჭოთა დრამატული ფილმი -„ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი“ (Skanderbeg), რუსმა რეჟისორმა სერგეი იუტკევიჩმა, 1953 წელს გადაიღო. ფილმში მთავარი როლის შესრულება, წილად ხვდა უდიდეს ქართველ არტისტ – აკაკი ხორავას.

მან ბრწყინვალედ შეასრულა ალბანელი გმირის როლი, რომელსაც მთელი ალბანეთი ეთაყვანება. ეს პირველი მხატვრული ფილმია, რომელიც ალბანურ-საბჭოთა თანამშრომლობის ნაყოფია.

ამ როლზე მუშაობა ალბანეთის ისტორიის გაცნობით დაიწყო და ყველა დეტალს, ხელის მოძრაობასაც კი უდიდეს ყურადღებას უთმობდა. მაყურებლისთვის, ხორავა სკანდერბეგის ნამდვილი სახე გახდა. ეს ორი სახელი, ალბანელებისთვის, იმდენად გაიგივდა, ძეგლი აკაკი ხორავას პორტრეტის მიხედვით გამოძერწეს და ზედ წააწერეს: სკანდერბეგ-აკაკი ხორავა.

ფილმი – Skanderbeg“ ნომინირებული იყო კანის კინოფესტივალზე, რომელიც სამი ჯილდოს მფლობელი გახდა.

აკაკი ხორავამ, არაერთი საინტერესო სახე შექმნა თეატრსა და კინოში, მათ შორის, ვენეციელი მავრი – ოტელო, რომლის შესრულებამაც მსოფლიო სახელი მოუტანა… მის მიერ შესრულებლი როლებიდან, უილიამ შექსპირის „ოტელო“, საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება.

მსახიობის ყოველი გამოსვლა, შექსპირისეული ვენეციელი მავრის როლში, ხელოვნების ჭეშმარიტ დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდებოდა, მაყურებელი საყვარელ მსახიობს თეატრის შესასვლელთან ელოდებოდა და ხშირად ახალგაზრდებს იგი ხელში აყვანილი მიჰყავდათ სასტუმრომდე…

მავრის როლი, მისთვის საყვარელი სცენური სახე და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. აკაკი ხორავას „ოტელოს“, წლების განმავლობაში, აღტაცებაში მოჰყავდა მსმენელი და მაყურებელი. 1947 წელს ჟურნალი „პრავდა“ წერდა: „აკაკი ხორავამ ოტელოს როლში მიაღწია მწვერვალს, სადამდეც მსოფლიო თეატრალურ ისტორიაში, ცოტა თუ ასულა“.

ხორავა-ოტელოს განუმეორებლობა, 1949 წელს ლონდონში, შექსპირის იუბილესთან დაკავშირებულ ფესტივალზეც გაცხადდა. მსახიობმა, სცენაზე მონოლოგი წაიკითხა „ოტელოდან“. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს, ხორავას წაკითხული მონოლოგი, ცუდად იყო შესრულებული.

„ვიდექი გაოგნებული, ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა… ჩავთვალე, რომ არ გამომივიდა. ამ დროს დგება ჩარლი ჩაპლინი, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, გაჰკრავს ასანთის ღერს და აანთებს. კომისიის დანარჩენი წევრებიც იმავეს აკეთებენ. დარბაზიც მათ მიბაძავს.

თურმე, ეს მათი შეფასების უმაღლესი გამოხატულება ყოფილა, მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“, – იხსენებდა შემდგომში თავად აკაკი ხორავა.

მსახიობი აკაკი ხორავა ბალერონ ვახტანგ ჭაბუკიანზე არასდროს იშურებდა კეთილ სიტყვებს. ორივე ხელოვანმა უილიამ შექსპირის „ოტელო” გენიალურად წარმოადგინა – აკაკი ხორავას „ოტელო“ საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება, ვახტანგ ჭაბუკიანის „ოტელო“ კი – საბალეტო ხელოვნების მარგალიტად.

როდესაც მსახიობმა ქორეოგრაფის მიერ დადგმული „ოტელო” ნახა, განსაკუთრებული წერილი მიუძღვნა: „თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ახალი ბალეტი ,,ოტელო“ ნამდვილი მოვლენაა საბჭოთა ხელოვნებაში,“- წერდა ხორავა.

აკაკი ხორავას მრავალი მეგობარი ჰყავდა – საფრანგეთში პიკასო და ლუი არაგონი, ჟერარ ფილიპი, ივ მონტანი და სიმონა სინიორე, გერმანიაში – ვალტერ შმიდტი და ელფრიდე ფლორინი. უამრავი მეგობარი ალბანეთში და რუსეთში. ოჯახურ გარემოში ნახავდით პიკასოსა და ფერნან ლეჟეს ნამუშევრებს, რომლებიც თავად ავტორებმა აჩუქეს.

ერთხელ ხორავა საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგული თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა ჟერარ ფილიპმა ჰკითხა – „ბატონო ხორავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ, რა არის საჭირო, რომ თქვენ ქვეყანაში დეპუტატი გახდე?“ ხორავამ გაიღიმა და უპასუხა: „აი, მაგალითად, ისეთი მსახიობი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს დეპუტატი“.

მეორე დღეს, პარიზის გაზეთებში მთელ გვერდზე დიაგონალით, ტექსტის ზევით დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი:

„აკაკი ხორავამ ჟერარ ფილიპს, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა შესთავაზა!“.

1954 წელს ინდოეთის დელეგაცია ჩამოვიდა. კინოვარსკვლავები რაჯ კაპური და ნარგიზი, „ოტელოს“ სანახავად რუსთაველის თეატრს ეწვივნენ, რაც აუწერელ სენსაციად იქცა. სპექტაკლს კინოფირზე იღებდნენ. რაჯ კაპური და ნარგიზი აცრემლებული ეხვეოდნენ მსახიობებს, ხორავას შავმა გრიმმა რაჯ კაპური და ნარგიზი, მავრებს დაამსგავსა.

აკაკი ხორავა უამრავი ჯილდოს ავტორია. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს