„ორი დღის წინ შეგვხდა ბათუმის მერი ორ უსახლკარო ქალს და ასე გვითხრა, მე თაროზე ხომ არ მაქვს ბინები შემოწყობილიო – თურმე ჰქონია,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი და მარტოხელა დედა, რომლის შვილიც შშმ პირია.
მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე აპროტესტებენ გიორგი მურვანიძის [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი] უარს მათთვის ბინით დახმარებაზე.
11 ივლისს, გიორგი მურვანიძემ, სასულიერო პირის ექვსშვილიან ოჯახს 130 კვადრატული მეტრი ბინა და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხაც გადასცა.
მაგული ფუტკარაძეს გული სწყდება, რომ უსახლკარო ადამიანებს ხელისუფლება ვერ ხედავს.
„მრავალშვილიან ოჯახებსაც მისცენ ბინა, სახელმწიფო ყველასთვის უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? წლებია ქუჩაში ვდგავართ და სამართალს ვითხოვთ, ყურადღებას მთავრობიდან არავინ გვაქცევს…“
მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია. ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები… წლებია ამ ოჯახების საჭიროებები აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას არც კი შეუსწავლია.
„ერთი თვის წინ დაგვპირდა [გიორგი მურვანიძე] პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მერე აღარც კი შეგვხვდა,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, რომელიც შშმ შვილთან ერთად დროებით „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ თავშესაფარში ცხოვრობს.
„რამდენიმე თვის წინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დამეხმარა და ამ კლინიკის თავშესაფარში მომათავსეს, მაგრამ იქ ცხოვრება ძალიან რთულია… არ გვაქვს ჩვენი სივრცე, გარდა ამისა, ადგილები შეზღუდულია.
ჩემს თვალწინ დაურეკა ნინო ნიჟარაძემ ბათუმის მერს, იქნებ რამე გზა მოიძებნოს, დროებით შემოვიყვანეთ ეს ოჯახი აქ და აღარაა ადგილებიო. ამის შემდეგ მიგვიღო მე და მზიური ბალაძე გიორგი მურვანიძემ.
შემოიტანეთ განაცხადი და დეკემბრის ბოლოს ვნახოთ, თუ რამე იქნებაო.
რამდენი წელი, რამდენჯერ შეიძლება დავწერო ერთი და იგივე განცხადებები? არაფერი იცვლება. ვუთხარი, ქირით მაინც დამაკმაყოფილეთ-მეთქი და ამაზეც უარი მივიღე. მოხუცთა თავშესაფარში მოგათავსებთო, მხოლოდ ეს შემოგვთავაზა ბათუმის მერმა.
ვუთხარი, რომ ამდენი ცათამბჯენია ბათუმში, ყველგან აქვს ბინები ბათუმის მერიას, ჩვენთვის რატომ არ მოიძებნა 20 კვადრატული, რომ ჩემს შვილთან ერთად ვიცხოვრო-მეთქი?“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.
მაგული ფუტკარაძე ის უსახლკარო ქალია, რომელმაც 2024 წლის ოქტომბერში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ პროტესტის ნიშნად მუყაოს ყუთში ჩაჯდა.
მაგული ფუტკარაძის პროტესტი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან
მზიური ბალაძესთან და მაგული ფუტკარაძესთან ერთად ბათუმში წლებია მართავენ საპროტესტო აქციებს სხვა პირებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, თუმცა მათი დიდი ნაწილი წინასაარჩევნოდ სახელმწიფო საკუთრებაში – მიტოვებულ შენობაში შეიჭრა და ცხოვრობს. სახელმწიფო მათ არც ასახლებს, არც გამოსავალს სთავაზობს და არც ალტერნატიულ ფართს აძლევს.
მათ საცხოვრებელ გარემოს და პირობებს მთავრობა არც კი სწავლობს.
„ჩემი ნივთები ყუთებშია უკვე რამდენი წელია, ხან ერთ ნათესავთან, ხან მეორესთან… ყველაფერი ამიოხრდა,“ – დასძენს მაგული ფუტკარაძე.
უსახლკარო ქალის ნივთები „კათარზისის“ და კლინიკა BMC-ის სარდაფში
„ჩვენ გამოვდივართ ქუჩაში აქციაზე, ვაპროტესტებთ, ალბათ ამის გამოც გვსჯიან,“ – ამბობს მზიური ბალაძე. ისიც მარტოხელა დედაა და შშმ შვილთან ერთად ცხოვრობს.
მზიური ბალაძე ახლობლის ნაგირავებ ბინაშია, რომელიც უნდა დაცალოს.
„ვინც სჭირდებათ მათ პოლიტიკურად, იმას აძლევენ მხოლოდ ბინას, ასე გამოდის.
ჩვენ გვითხრა გიორგი მურვანიძემ 500 ლარს ჩაგირიცხავთო. უკაცრავად, მაგრამ თქვენი ხელფასი რამდენია-მეთქი? არჩევნების მერე ამ 500 ლარს და ასეთ დახმარებებსაც აღარ ურიცხავენ ადამიანებს. მე თებერვლის შემდეგ დაწერილი მქონდა განცხადება დახმარებაზე…“- გვითხრა მზიური ბალაძემ.
მრავალწლიანი პროტესტის მიუხედავად რატომ არ რეაგირებს ბათუმის მერია უსახლკაროების პრობლემებზე? – ბათუმის მერიის პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ უსახლკარო პირთა რეგისტრაციის წესი შეიცვალა, ახალი განცხადებები უნდა დაიწეროს, განცხადებების მიღება კი, 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
„კრიტერიუმების ცვლილებების შემდეგ განახლდა განცხადებების მიღება – მიღებულ განცხადებებს კომისია შეისწავლის. განმცხადებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შეცვლილ კრიტერიუმებს და დარეგისტრირდებიან უსახლკაროთა ბაზაში, ბათუმის მერიის მიერ უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრისით. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.
batumelebi.netgazeti.ge
