ლესალეში ვართ, რომელიც არის ჯგალის ერთ-ერთი ულამაზესი, ისტორიული უბანი. ეს გზა მიდის უძველეს ციხე-ქალაქთან, რომელიც ეგრისის სამეფოს სიღრმეებში და ისტორიაში ჰპოვებს სათავეს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ამ გზის დაპროექტებას. მერიის მთავარი საზრუნავია სოფლის მოსახლეობისთვის პირველი რიგის ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარება. როგორიცაა: გზა, წყალი, გარე განათება, რათა არ იცლებოდეს ეს მშვენიერი ადგილები მოსახლეობისგან. გამაგრდნენ აქ, გრძნობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან თანადგომას და მინიმალურ კომფორტს, იმისთვის, რომ მათი საოჯახო მეურნეობა, ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება იყოს მხარდაჭერილი იმისთვის, რომ ძლიერად გრძნობდნენ საკუთარ მიწაზე და ოჯახში თავს. რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას, ამ გზას ერთ–ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ მერიის დაფინანსებით დავიწყეთ არქეოლოგიური გათხრების სამუშაოები ლესალეს ციხეზე, რომელმაც თვალსაჩინო შედეგები გვაჩვენა. წელსაც გრძელდება არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი ლესალეს ციხეზე და ყველა მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ამ ციხემ მიიღოს ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, ტურიზმის მოყვარულთა ყურადღება.
ლესალეს ციხის ნანგრევების ექსპედიციაში მონაწილე ჯგუფის წევრებს ხელმძღვანელობდა გერმანიის, იენის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ანიგრეტ პლონტეკე. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ, ქართველი დოქტორანტი თამარ გიორგაძე და სტუდენტი ნოდარ კუკავა და გერმანელი მეცნიერი ფრანკ შლაიხერი. 2013 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა სოფელ ლესალეში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლესალეს მკვიდრმა მიწის დამუშავებისას საკუთარ მამულში თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი წლების წინ აღმოაჩინა. შეგროვილი ნიმუშების გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ნივთები ჩვ.წ.აღ 1 ათასწლეულით თარიღდება. ამ აღმოჩენებით შემდეგ დაინტერესდნენ არქეოლოგები.
