97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით, 27 ივნისს ბაზრის კვლევა გამოცხადდა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, დაინტერესებული კომპანიებისთვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“.
„მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონების ექსპლუატაციის ვადაც გადის. შესაბამისად, გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ ვაგონები მეტროში. შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს შვიდ წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით, უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი) ეტაპობრივად მოგვეწოდება“, – ამბობს თბილისის მერი.
კალაძის ცნობით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი კი200 მლნ ევროა.
„შესყიდვის ბიუჯეტი დაზუსტდება ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ. დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრულია 29 ივლისის ჩათვლით. პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი, დაახლოებით, 200 მლნ ევრო. შესყიდვის შედეგად, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს 5-ვაგონიანი მატარებლები, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით. ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია. პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ განახლებამდე. ამჟამად, გვყავს მეტროს 192 ვაგონი“ – თქვა კახა კალაძემ.