მერია: უხვი ნალექის, სეტყვისა და გრიგალის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაიქცა ხეები

თბილისის მერია 30 მაისს თბილისში მოსულ უხვ ნალექთან და მის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ წვიმამ, რომელსაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა და ქუჩები დაიტბორა.
“უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მყისიერად და თითქმის დასრულებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია ასევე ეხმაურება გავრცელებულ ვიდეოკადრებს განახლებული წერეთლის გამზირიდან, სადაც მოქალაქეები სვამენ კითხვას, სად არის სანიაღვრე სისტემა განახლებულ გამზირზე. მერიაში ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს.
“წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით.
მას შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა. უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ ყველა პრობლემურ ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და მონიტორინგი”, – ამბობს თბილისის მერია.
მას შემდეგ, რაც თბილისში ინტენსიური წვიმა დაიწყო, გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები