მერია: კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტოკომპანიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
კომპანია მიზეზად ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პერიოდის განმავლობაში მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება.
“ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება.
აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები. კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.