მერია ვაკის პარკის შადრევნების რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს იწყებს – იქ 3 წლის წინ დენის დარტყმით დაიღუპა მოზარდი

თბილისის მერია ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ის ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ჩატარდება კვლევები და დეტალური პროექტირება.
„სამუშაოების ფარგლებში, არსებული შადრევნები და კასკადი აღდგება პირვანდელი ვიზუალით, დარჩება იგივე მასალა; დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა; სრულად განახლდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები; ჩატარდება აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია; დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციის ტუმბოები“.
კახა კალაძის თქმით, ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს ჰქონდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (EN50110-1 სტანდარტის შესაბამისად) შადრევნების მოწყობა/რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება.
ამ პირობას ის უკავშირებს ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს 2022 წელს.
„ვფიქრობ, იმ ტრაგედიიდან რაც მივიღეთ, მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში“, – ამბობს კახა კალაძე.
სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
შადრევნის კასკადის აღდგენა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის 2023 წლის გაზაფხულამდე გადაიდო.
2022 წლის 12 ოქტომბერს კახა კალაძემ შადრევნის კასკადის სამუშაოების მეორე ნაწილი დასრულებულად გამოაცხადა და პარკი გახსნა. მან მაშინ თქვა, რომ ვაკის პარკის განახლება უკვე 33 მილიონი ლარი დაჯდა.
საზეიმო გახსნიდან მეორე დღეს, ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. შადრევანში ჩასულ ბავშვს დენმა დაარტყა. მიზეზი შადრევნის განათების უხარისხოდ გაკეთებული ელექტროგაყვანილობა გახდა.
ამ ტრაგედიის გამო რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის მერიის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი და “გრინსერვის +-ის”, ანუ იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც მერიას ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის ჰყავდა შერჩეული.
2023 წლის 10 ივლისს, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ბრალდებულს მიუსაჯა პატიმრობა. მოსამართლემ გაამართლა მხოლოდ ერთი ბრალდებული – ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!