მერია ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციას ₾47 მილიონად გეგმავს

თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობისთვის 47 000 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ანგარიშსწორება მოხდება 2025-2026-2027 წლების თბილისის ბიუჯეტის სახსრებით (2025 წელი – 10 000 000 ლარი; 2026 წელი – 18 000 000 ლარი; 2027 წელი – დარჩენილი სახელშეკრულებო ღირებულება).
ხელშეკრულების პირობებით, სამუშაოების შესრულების ვადას 760 დღეა განსაზღვრული.
შესყიდვა 25 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.
პროექტი მოიცავს პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად:
არსებული კასკადი და შადრევნები უნდა აღდგეს პირვანდელი ვიზუალით.
უნდა შეიქმნას დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით.
პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ობიექტის ექსპლუატაციისთვის.
პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიის რელიეფის თავისებურებები,
ტერიტორია დაპროექტებული უნდა იყოს საქართველოში არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენება.
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს როგორც გარე, ასევე შიდა საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის პროექტებს: წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.
პროექტს უნდა ახლდეს ტექნოლოგიური ნაწილი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა იქნას წარმოდგენილი როგორც ლოკალურ-რესურსული, ასევე გამარტივებული სახით.
საჭიროა ეფექტურად განხორციელდეს შადრევნების კასკადისა და აუზების ჰიდროიზოლაცია. დამონტაჟდეს ელექტრო დამზოგველი განათების სისტემა და შესაბამისი სპეციფიკაციების მქონე ტუმბოები.
წყარო: tabula.ge tvpirveli.ge