თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩიდან მოსახლეობის გამოსახლებასთან მერია არაფერ შუაშია.
მისი თქმით, შენობა, საიდანაც მოსახლეობას ასახლებენ, კერძო საკუთრება იყო და მესაკუთრეს სასამართლო მოგებული აქვს.
როგორც კალაძე ამბობს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.
„მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.
არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილებს ასახლებენ. გამოსახლებისას 4 პირი დააკავეს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი აცხადებენ, რომ შენობა, საიდანაც ხალხს ასახლებენ, სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.
