მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში შუამთის ქუჩაზე 11.6 მილიონ ლარიან მშენებლობას გეგმავს

თბილისის მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, შუამთის ქუჩაზე 40ა ნომერში 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ 9 აგვისტოს გამოცემულ განკარგულებაშია აღნიშნული.
პროექტის ღირებულება 11.6 მილიონ ლარია და მას თბილისის მერიას დაქვემდებარებული თბილისის განვითარების ფონდი ააშენებს.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისში, შუამთის ქუჩა №40ა-ში მდებარე 1524 კვ/მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.20.022.025) 11-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო (მათ შორის, სარემონტო) სამუშაოების, მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავების მოჭრის, გადარგვისა და საკომპენსაციო რგვის განხორციელების, მიწაზე არსებული წყალარინების ქსელის გადატანისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და ანგარიშსწორების განსხვავებული პირობების დადგენის შესახებ,“- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
მერიის ინფორმაციით, შესაბამის სამშენებლო ტენდერსაც თბილისის განვითარების ფონდი გამოაცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ