მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე 28,4 მლნ ლარის ტენდერები გამოაცხადა

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე გზის შეკეთების სამუშაოებზე ჯამში 28,4 მილიონი ლარის ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტების თანახმად თბილისის მერია:6 812 435 ლარის დახარჯვას გეგმავს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე;
8 781 045 ლარი განკუთვნილია ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის რეაბილიტაციაზე;
8 464 123 ლარი — მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით გზის შეკეთების სამუშაოებისთვის.
4 382 808 ლარი გათვალისწინებულია კოსტავას ქუჩის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისთვის.
სატენდერო წინადადებების მიღება 9 იანვარს იწყება და 14 იანვარს დასრულდება. სამუშაოების მიწოდების ვადად წერილობითი დავალების მიცემიდან 3 თვეა განსაზღვრული. რეაბილიტაციის დაწყების გრაფიკი დაზუსტებული არ არის, თუმცა თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს წლის დასაწყისში მოხდება.
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით პირველი ეტაპია, შემდეგ ეტაპზე კი შენობა-ნაგებობების განახლება იგეგმება.
მ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში დააანონსა, რომ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა და 2 წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა. მერიის თანახმად, გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 30 მილიონი — საგზაო ნაწილის მოწყობას, 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციას მოხმარდება.
2024 წელს რეაბილიტაცია არ დაწყებულა.
უკვე ერთ თვეა, რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციების უცვლელი ადგილია. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ. ხელისუფლება გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის მასობრივი გამოყენებით, ძალადობრივად ცდილობს პროტესტის ჩახშობას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს. პარალელურად, „ქართული ოცნება“ იღებს რეპრესიულ კანონებს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.